პოლონეთის სახელმწიფო არქივის გენერალური დირექტორი ვლადისლავ სტეპნიაკი და მისი მოადგილე ანჯეი ბიერნატი დღეს, 18 ნოემბერს, 11:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ეწვევიან.
ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორთან, თეონა იაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე სტუმრები სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრებენ. ვიზიტისათვის სპეციალურად მომზადდა ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, პოლონეთთან დაკავშირებული წერილობითი და ფოტომასალა. მათ შორის უძველესია კირიონ მეორის ფონდის პოლონური დოკუმენტები. ამასთან, დელეგაციის წევრებისათვის კინოდარბაზში ნაჩვენები იქნება ქართულ-პოლონური ურთიერთობების ამსახველი კინოდოკუმენტების კოლაჟი.
ვიზიტისას დაგეგმილია თბილისის იუსტიციის სახლის დათვალიერება და შეხვედრა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის სახელმწიფო არქივსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის თანამშრომლობა 2008 წელს დაიწყო და დღემდე არაერთი ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
ვიზიტი 19 ნოემბერს დასრულდება.