თბილისში დადიანისა და ლესელიძის ქუჩების კუთხეში ევროპის სახლი გაიხსნა. ევროპის სახლი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში შტეფანე ფულემ გახსნეს.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ევროპის სახლის შექმნა რუსეთის აგრესიიდან რამდენიმე დღეში გადაწყდა.
"ჩვენი ამოცანა იყო საქართველო თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ გვექცია. ეს შენობა გასაყიდ ობიექტთა სიიდან ამოვაღებინე. ევროპის სახლი ყველაზე ცენტრალურ ადგილზე ავაშენეთ. ჩვენ ხიდს არა მხოლოდ მტკვარზე ვაშენებთ, არამედ ვაშენებთ საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის. იმისთვის, რომ ჩვენ და დანარჩენი ევროპა ერთად და კარგად ვიყოთ, ბევრი გვაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მისი ამოცანაა, საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ევროპაში ვიზის გარეშე ჩასვლა ყველა ქართველს შეეძლოს.
~ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა მიღწევადია და ეს საკითხი ბიუროკრატიულ პროცესებშია ჩაშვებული. ამას ბოლომდე მივიყვანთ~, - აღნიშნა სააკაშვილმა.
შტეფან ფულეს განცხადებით, ევროპის სახლი ქართველებს ევროპასთან ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს და იმ მიზნების მიღწევაში დაეხმარება, რაც საქართველოს ევროპასთან მიმართებაში გააჩნია.