სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია.
"ველოდები, უახლოესი დღეების განმავლობაში ინფორმაციის მიღებას. რამდენიმე დღეში მივიღებ საქმის მასალებს და ამის შემდეგ მოვინახულებ მათ", - განაცხადა ჟურნალისტებთან უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პროკურატურისგან თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმის მასალები ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გამოითხოვა, თუმცა ამ დრომდე არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ 102 ათას 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.