რუსეთის დუმის დეპუტატები იგორ ლებედევი, იაროსლავ ნილოვი და ანდრეი სვინცოვი გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ალკოჰოლიანი პროდუქცია მაღაზიებში ,,მხედველობის ზონიდან მოაცილონ".
,,ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან ალკოჰოლი თავის ტვინის გაღიზიანებას იწვევს. მომხმარებელი მაღაზიაში პურის საყიდლად რომ შევა, ვიტრინაში არაყს დაინახავს და მასაც ყიდულობს. მაღაზიაში ბავშვებიც დადიან, ისინიც ხედავენ ალკოჰოლის შემცველ სასმელებს, საკვებ პროდუქტებს შორის, თვალს აჩვევენ და მის მიმართ ნელ-ნელა ლოიალური დამოკიდებულება უმუშავდებათ." - აცხადებს ნილოვი.
მას კოლეგა იგორ ლებედევიც ეთანხმება და ამბობს: ,,ეს აკრძალვა ხელს არ შეუშლის იმ პირებს, ვისაც სხვბადასხვა ღონისძიებისთვის ალკოჰოლის შეძენა დასჭირდება, მაგრამ თუ ამ პროდუქციას მაღაზიის ვიტრინებს მოვაშორებთ, არც ახალგაზრდობას წაუცდება მასზე ხელი. ამ ღონისძიების შედეგად კი მცირედით, მაგრამ მაინც ჩვენს სტუდენტებსა და მოსწავლეებს ხელს შევუშლით, ალკოჰოლის დახმარებით განწყობის ამაღლებას მიეჩვიონ."
ამჟამად, დეპუტატების მიერ მიღებული ზომები თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით უკვე მოქმედებს.
მიმდინარე წლის 1 ივნისიდან რუსეთში მოქმედებს ანტინიკოტინური კანონი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში სიგარეტის მოწევას და მაღაზიის ვიტრინებზე თამბაქოს ნაწარმის ღია დემონტრირებას კრძალავს.
მასალის გამოყენების პირობები