მოსკოვში, პრესნენსკის რაიონში 11 სხვადასხვა საცხოვრებელ კორპუსში 24 ბინა დაიწვა.
ამ დროისათვის ცეცხლის კერები ლიკვიდირებულია.
მოსკოვის საგანგებო სამსახურის ცნობით, ხანძარი მოსკოვის დროით საღამოს 19 საათზე შელეპიხინსკის შოსეზე მდებარე სახლებში გაჩნდა. მაშველებმა ცეცხლიდან სამი ადამიანი დაუზიანებლად გამოიყვანეს.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მოსკოვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალექსი ხრიპუნის თქმით, სულ, სამედიცინო დაწესებულებას ხანძრის შედეგად დაზიანებულმა 4 პირმა მიმართა. რომელთაგან, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არც ერთს არა აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის ხსენებულ რაიონში ხანძრის გაჩენა ადგილობრივ გაზგამანაწილებელ სადგურზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია.
,,ამ დროისთვის სადგური გათიშულია. საავარიო ბრიგადები ადგილზე მუშაობენ და ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს." - აცხადებენ პრესნენსკის რაიონის სამმართველოს წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები