ვლადიმერ პუტინი შეერთებულ შტატებსა და ევროპას ცივი ომის განახლების მცდელობაში ადანაშაულებს. ექსკლუზიური ინტერვიუ კრემლის ლიდერმა გერმანულ ტელეარხს მისცა. რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და ამის მაგალითად კოსოვო მოიყვანა.
"როდესაც ჩვენ გვესმის ბრალდებები, რომ რუსეთმა ყირიმი უკანონოდ მიიერთა, არ უნდა დაგვავიწყდეს კოსოვოს მაგალითი, რომლის ბედიც ადგილობრივი მოსახლეობის არჩევანმა გადაწყვიტა. კოსოვოს მაგალითმა დაგვანახა, რომ თვითგამორკვევისთვის კოსოვოს მცხოვრებლებს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობა არ დასჭირვებიათ. ანალოგიური პროცედურები ყირიმშიც ჩატარდა და ვფიქრობ, ამით რუსეთს საერთაშორისო ნორმები არ დაურღვევია,"-განაცხადა პუტინმა.