თბილისი.16.11.14."ჯი-ეიჩ-ენი." ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში გამართულ ,,დიდი ოცეულის" სამიტის კულუარებში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ, იმის შესახებ, მის მიმართ აშკარად გამოხატული ცივი დამოკიდებულების გამო, პუტინი დროზე ადრე დატოვებდა თუ არა საერთაშორისო ფორუმს.
კრემლის ჩინოვნიკები ამტკიცებდნენ, რომ ის ბოლომდე დარჩებოდა, მაგრამ პუტინი მაინც ნაადრევად გაემგზავრა, ისე რომ არც კვირა დილის საუზმეს დაესწრო და არც დასკვნით სხდომას, სადაც კომუნიკე უნდა მიეღოთ.
გამგზავრება კი იმით ახსნა, რომ მას დაძინება უნდოდა.
ამის შესახებ, პუტინმა პირადად აუწყა ჟურნალისტებს პრეს-კონფერენციაზე, რომელიც იმ დროს მოაწყო, როცა სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ერთობლივად საუზმობდნენ.
,,იმისათვის, რომ არ დაიწყოს სპეკულაციები იმ თემით, თუ რატომ არ ვესწრები საუზმეს, მოგახსენებთ, აქ რჩება ჩვენი ფინანსთა მინისტრი, რომელიც გაუწყებთ ებოლასთან ბრძოლის საკითხებში ჩვენი ძალისხმევისა და მიმართულებების შესახებ. ჩვენ კი აქედან ვლადივოსტოკში 9 საათის განმავლობაში უნდა ვიფრინოთ, ვლადივოსტოკიდან მოსკოვში - ისევ 9 საათი. მერე სახლამდეც უნდა მივაღწიო და ორშაბათს სამსახურში უნდა გავიდე. მანამდე 4-5 საათით მაინც ხო უნდა დავიძინო?", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.
ამასთან, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ სამმიტი ,,საქმინ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროში" მიმდინარეობს.
პუტინის თქმით, უკრაინის საკითხი მან მხოლოდ ორმხრივ შეხვედრებზე განიხილა და ,,დიდი ოცეულის" ოფიციალურ დისკუსიებში უკრაინაზე ლაპარაკი არ ყოფილა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიაში რუსეთის პრეზიდენტს დასავლეთის ქვეყნების ლიდერების კრიტიკა დაატყდა თავს. კანადის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ,,უბრალოდ გათრეულიყვნენ უკრაინიდან," სხვა კოლეგებმა კი პუტინს უფრო რბილი ფორმით მოსთხოვეს ,,აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია შეეწყვიტა". წინააღმდეგ შემთხვევაში, მორიგი სანქციების დაწესებას დაპირდნენ.