ანდერს ბრეივიკი ციხის პერსონალს ბევრ თავსატეხს უჩენს. ამის შესახებ „ილის" სასჯელთაღსრულების დაწესებულების ყოფილმა თანამშრომლებმა განაცხადეს, სადაც ტერორისტი 21-წლიან სასჯელს იხდის. ყოფილი ზედამხედველების თქმით, ბრეივიკს ვარსკვლავური სენი შეეყარა. ის ყოველდღიურად ასობით წერილს იღებს, რომელიც ზედამხედველების წასაკითხი და გასაშიფრი ხდება.
გარდა ამისა, მსჯავრდებული ციხის პირობებს მუდმივად უჩივის, ყოველდღიურად ახალ წიგნებსა და ტექნიკას ითხოვს და პრეტენზიას პოლიტიკური პარტიის შექმნაზეც გამოთქვამს. მასშტაბური ტერორისტული აქტები ბრეივიკმა ოსლოსა და კუნძულ უტეიაზე 2011 წლის 22 ივლისს განახორციელა, რასაც 77 ადამიანი ემსხვერპლა.