ლევილის მერმა ერიკ ბრევმა კახეთის 1924 წლის აჯანყების 90 წლისთავის აღსანიშნავად ქალაქის ცენტრში მემორიალური დაფა გახსნა. საზეიმო ცერემონიას საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკა სირაძე-დელონე და დესპანი, გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდნენ.
აჯანყების მემორიალი ფრანგულ-ქართული დღის ფარგლებში გაიხსნა, რომელიც ნოე ჟორდანიას ინსტიტუტისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით უკვე მეთორმეტედ იმართება.
მემორიალის გახსნას წინ უძღოდა მცირე კონფერენცია 1924 წლის კახეთის აჯანყების შესახებ. საქართველოს ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკული ეპიზოდის გახსენებისთვის ლევილის მერს მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მოწვეულ სტუმრებს შორის საფრანგეთში ქართული დიასპორისა და კულტურის წარმომადგენლები იყვნენ. ასოციაციამ „ლაზი" ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი წარმოადგინა, საღამოს კი ქართველი რეჟისორის, ოთარ იოსელიანის ფილმის, "იყო შაშვი მგალობელი" ჩვენება მოეწყო. ღონისძიება ქართული ტრადიციული კერძებისა და ღვინის დეგუსტაციით დასრულდა.
ქართულ-ფრანგული დღე ორგანიზაციების „ქართული კერა", „ლაზი" და „ქართველ ხალხთან მეგობრობის ასოციაციის" მხარდაჭერით გაიმართა.