აშშ-ს ხელისუფლება აცხადებს, რომ მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ გამოტანილი სანქციები შეცვალოს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ თუ რუსეთის ფედერაცია მინსკში მიღწეული ხელშეკრულების პირობებს არ შეასრულებს, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება.
,,იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, ტყვეებს გაათავისუფლებენ და რუსეთ-უკრაინის საზღვარი კონტროლს დაექვემდებარება, მზად ვართ, შევცვალოთ მიღებული სანქციები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ კრიზისის მოგვარება სამხედრო გზით შეუძლებელია და მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული." - განაცხდა გაეროში აშშ-ს წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე.
პაუერის თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, თუ მისი მომხრე მხოლოდ ერთი მხარე იქნება და რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები მათზე დაკისრებულ მოვალეობას გამუდმებით დაარღვევენ.
,,ჩვენ ვნახეთ, როგორ მოქმედებდა რუსეთი სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, ყირიმსა და დნესტრისპირეთში. ამიტომ საქმე ის კი არ არის, რას იზამს რუსეთი უკრაინაში, საქმე ისაა, რას ვიზამთ ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება, რათა რუსეთს არ მივცეთ საშუალება, ევროპაში კიდევ ერთი კონფლიქტის ფაბრიკაცია შეძლოს." - აღნიშნა აშშ-ს წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ, მინსკის მოლაპარაკების დარღვევისთვის, მოსკოვს შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს.
,,რუსეთი არ იწვევს ნდობას... საჭიროა არა სიტყვები, არამედ მოქმედება. რუსეთის ქმედება კი ნათლად ასახავს მის მიზნებს" - ხაზგასმით აღნიშნა სამანტა პაუერმა და შეხვედრაზე შეკრებილებს მოუწოდა, მომავალშიც გააგრძელონ რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა, რათა მან მოლაპარაკების პირობები შეასრულოს და კონფლიქტის დეესკალაციის გზას დაადგეს.
,,უკრაინაში რუსეთის ქმედება - ეს არის არამარტო ახლომდებარე ქვეყნებისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის შექმნილი საფრთხე." - თქვა დასკვნით სიტყვაში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა.