ჩეხურ კომპანია "ბლოკ ჯორჯიას" "ჰოსპიტალური სექტორის განვითარების" პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სანქციები დაეკისრება.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, "ბლოკ ჯორჯიას" დაეკისრება როგორც ფინანსური სანქცია, ისე ჩამოერთმევა სახელმწიფოს მიერ პირობითად გადაცემული ობიექტებიც.
"ბლოკ ჯორჯიასთან" დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მას სახელმწიფოს მიმართ ფინანსური სანქციის გადახდა დაეკისრება და ასევე ჩამოერთმევა ბონუსად მიღებული ყველა დაწესებულება", - განმარტა კვიტაშვილმა.
კონკრეტულად, რომელი დაწესებულებები ჩამოერთმევა "ბლოკ ჯორჯიას" პირობითად მიღებული 71 ობიექტიდან, მოგვიანებით გახდება ცნობილი. კვიტაშვილის განმარტებით, ამის შესახებ განცხადებას თავად პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ დაითვლება კომპანიის მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახარჯული ინვესტიციის ოდენობაც და ის საჯარიმო თანხას გამოაკლდება.
შეგახსენებთ, რომ ჩეხურ კომპანია "ბლოკ-ჯორჯიას", რომელიც "ჰოსპიტალური სექტორის განვითარების" პროგრამის განხორციელებაზე იყო ვალდებული, საქართველოში 120 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 100 ახალი საავადმყოფო აშენებულიყო.