"ქრისტიან-დემოკრატები" პანკისის ხეობაში მონიტორინგის ჯგუფის ჩასვლას ითხოვენ. ეს მოთხოვნა "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს პარალმენტში გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მხრიდან პანკისის ხეობაში ტერორისტების არსებობის თემის გააქტიურებას სჭირდება საქართველოს მხრიდან სათანადო რეაგირება, რადგან მისი თქმით, "ეს არის შემაშფოთებელი სიგნალი იმისათვის, რომ რუსეთმა დაარწმუნოს მსოფლიო საზოგადოება საქართველოში ტერორისტების ბანაკების არსებობის თაობაზე და გაამართლოს საკუთარი ქმედება თუი იქ ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანია განხორციელდება". ლალიაშვილი ამ საშიშროებას საკმაოდ რეალურად მიიჩნევს და იხსენებს 2000-2002 წლების მოვლენებს, როდესაც რუსეთმა პანკისში ანალოგიური სცენარი გაათამაშა.
რუსეთის სავარაუდო ქმედების პრევენციისათვის კი ნიკა ლალიაშვილი ხელისუფლებას მაქსიმალური გააქტიურებისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ ვიდრე დაზამთრდება და ამ რეგიონებში თოვლი დაიდება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო მონიტორინგი, რათა დარწმუნდეს საერთაშორისო საზოგადეობა რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი ტერორისტული ბანაკები არ არსებობს.
"ქრისტიან-დემოკრატები" გამოდიან ინიციატივით, რომ შეიქმნას სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ქართველი და უცხოელი ექსპერტებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებითა და ჟურნალისტებით.
ლალიაშვილის თქმით, ჯგუფი გაეგზავნება, როგორც პანკისისა და თრუსოს ხეობებში, ასევე ყველა იმ წერტილში საქართველოს ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის ძალოვნები ასახელებენ. მისივე თქმით, ეს ჯგუფი ადგილზე მოახდენს არსებული ვითარების შესწავლას და მსოფლიო საზოგადოების შესაბამის ინფორმირებას.
ქრისტიან დემოკრატებმა ინიციატივა უკვე გააცნეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და მისი თქმით, მათი მხრიდან არსებობს თანხმობა, რომ ჯგუფის მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის პირველი ვიზიტი პანკისის ხეობაში განხორციელდება ხუთშაბათს 29 ოქტომბერს. გარდა ამისა, ლალიაშვილი აცხადებს, რომ მონიტორინგის ჯგუფში რუსეთის მონაწილეობას მიესალმებიან, თუ ისინი ამის სურვილს გამოთქვამენ, უარის შემთხვევაში კი ეს იქნება დადასტურება იმისა, რომ რუსეთი საქართველოში პროვოკაციის განხორციელებას ცდილობს.