რესპოდენტის შესახებ
ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ფეისბუკის საკუთარ გვერდზე კომენტარს აქვეყნებს:
„რამდენიმე დღეც და საბიუჯეტო ცხოვრების 10 თვეც მიიწურება. დარჩენილია ექვსი სამუშაო დღე და ჯერ 9 თვის გეგმაც არ არის ბოლომდე შესრულებული. ხარჯები გაწეულია 6,722 მილიარდი ლარის ოდენობით, მაშინ როცა ცხრა თვის გეგმა 6, 748 მილიარდი ლარით იყო განსაზღვრული. ხარჯვაში ჩამორჩენა ერთია და მეორე- სანახევროდ გაკეთებელი საქმე, რომელიც ასე ელის დამთავრებას.
წლის ბოლომდე რომც მოხერხდეს თანხების სრულად გადარიცხვა მხარჯავი ორგანიზაციებისათვის ( რაც ძალიან საეჭვოა), ისინი მაინც ვერ მოასწრებენ დარჩენილ პერიოდში რაიმეს მოთავებას (მშენებლობებზეა საუბარი).
როცა იტყუებიან, ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, თვალში ნაცარს გვაყრიანო!
მოდით, ჩვენ თვალში ციფრები შევაყაროთ!:)
"ჯი-ეიჩ-ენი" დაუკავშირდა ბატონ რომანს და თხოვა უფრო დაეკონკრეტებინა თავისი პოზიცია.
-ბატონო რომან, მთავრობამ განაცხადა, რომ ბიუჯეტის 9 თვის გეგმა შესრულებულია. თქვენ საპირისპირო ციფრები მოგყავთ. ვის ვენდოთ?
- ჯერ ერთი, უკვე 10 თვე მთავრდება და უკვე ამაზეც შეიძლება ვისაუბროთ. თუმცა ეს ე. წ. ოპერატიული ინფორმაციაა, თანაც თვეც არ არის დამთავრებული, ამიტომ მოდით, მართლაც იმაზე ვისაუბროთ, რომლის შესახებაც უკვე გვაქვს საკმარისი ინფორმაცია.
როგორც ვიცით, ბიუჯეტი შედგება ე.წ. მარცხენა და მარჯვენა მხარისაგან, ანუ შემოსავლებისა და ხარჯებისაგან. თუ ერთი შესრულდა და მეორე ვერა, როგორ იქნება ბიუჯეტი შესრულებული?
2014 წლის ბიუჯეტი აგრძელებს გასული წლის ბიუჯეტის პარადოქსულ ტრადიციებს: ფული არის და ვერ იხარჯება, ხარჯვა ხდება არარიტმულდ, საბიუჯეტო წლის განმავლობაში არათანაბარზომიერად, ძირითადი დატვირთვა მოდის ბოლო, მეოთხე კვარტალზე, რაც თავის მხრივ იწვევს ფულის მასის ზრდას, ძლიერ ზეწოლას ლარზე და ქმნის მისი დევალვაციის საფრთხეს.
მართალია მთავრობა, როცა ამბობს, რომ 2014 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის 101% შეადგინა. მისი ოდენობა 6,504 მილიონ ლარი იყო. ამით მართლაც აღმოიფხვრა ის გარღვევა, რომელის შემოსავლების მობილიზების კუთხით არსებობდა მთელი რვა თვის განმავლობაში. ჩამორჩენა ძირითადად განპირობებული იყო უცხოური გრანტებისა და კრედიტების დაგვიანებით, რაც მთავრობის მიერ დაგეგმილი პროგრამების შეუსრულებლობით იყო გამოწვეული.
მიუხედავად ამისა, წინა თვეებში წარმოქმნილმა დისბალანმა დაღი დაამჩნია ბიუჯეტის შესრულებას. კერძოდ, კვლავ მძიმე მდგომარეობაა თანხების დროულად ათვისებისა და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების კუთხით. ეს კი მრავალი მნიშვნელოვანი პროგრამის ჩავარდნას ნიშნავს.
-ანუ შემოსავლების გეგმა შესრულდა, ხარჯების ჩავარდა?
-კი, ასეა. 2014 წლის იანვარი-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის ხაჯებმა შეადგინა 6, 183 მილიონი ლარი, რაც 9 თვის გეგმიური მაჩვენებელის (6 748 მილიონი ლარი) მხოლოდ 91.6%-ია.
9 თვის ხარჯვის სურათი ასე გამოიყურება: გეგმის მიხედვით გასავლების ოდენობა უნდა ყოფილიყო 7, 748 მილიარდი ლარი, რეალური შესრულება აღმოჩნდა 6, 183 ლარი, დანაკლისი -565 მილიონი ლარი, ანუ ბიუჯეტის ხარჯები გეგმას, როგორც ზემოთ აღინიშნა, თითქმის 9 პროცენტით ჩამორჩება.
- რომელი სახის სამუშაობების შესრულებას ეშლება ხელი?
- ასიგნებების ათვისება ვერ ხერხდება სახელმწიფო და მუნიციპალური დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განუხორციელებლობის გამო. მშენებლობებისათვის ხელაყრელი თბილი თვეების ფაქტორი ვერ იქნა ეფექტიანად გამოყენებული და შემოდგომა-ზამთარში კიდევ უფრო გართულდება ეს პროცესი. ამაში ცუდი ისიცაა, რომ ბიუჯეტის შემოსავლებში რადგან ხდება ნაშთების დაგროვება, იქმნება ილუზია ზედმეტი თანხის ქონისა და ჩნდება ცდუნება, გამოყენებული იქნას იგი ისეთი სფეროების დასაფინანსებლად, რომელსაც ექნება ინფლაციური ეფექტი.
პარადოქსია, მაგრამ ბიუჯეტში ნაშთის სახით არსებული თანხა თითქმის უტოლდება მთავრობის მიერ 2014 წლის განმავლობაში,სექტემბრამდე აღებულ საშინაო ვალს. ხდება ვალის წინმსწრებად აღება საკმაოდ მაღალი პროცენტით და შემდეგ მისი გაყინვა ხაზინის ანგარიშებზე.
-რამდენია ეს ნაშთი?
2014 წლის 1 იანვრისათვის ხაზინის ანგარიშზე რიცხული სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 287,2 მილიონი ლარი იყო. 2014 წლის 1 ოქტომბრისათვის მან 625, 9 მილიონ ლარს მიაღწია, ანუ 338 მილიონი ლარით გაიზარდა
ცალკე თემაა ბიუჯეტის შიდა ვალის აღების გზით დაფინანსების საკითხი. მისი ოდენობა წლითიწლობით იზრდება.
სახაზინო ვალდებულებების ემისიით აღებული სესხები მიმდინარე წლის ბოლოსათვის 1,3 მილიარდი ლარს გადააჭარბებს. ეს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების დაახლოებით 11 პროცენტია. დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ მომავალი, 2015 წლის ბიუჯეტში შიდა ვალის ზრდა გათვალისწინებულია 400 მილიონი ლარის ოდენობით.
კიდევ ერთი პარადოქსი: მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოხერხდა თანხების დროული ათვისება, ფინანსთა სამინისტრომ 9 თვეში 14 მილიონი ლარით მეტი ფასიანი ქაღალდები გაყიდა და გეგმას 2 პროცენტით გადააჭარბა.
2014 წელს მთავრობა 910 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების ემისიას აპირებს. აქედან 310 მილიონი ლარით მოხდება ძველი ვალდებულებების გასტუმრება, ხოლო 600 მილიონი ლარით გაიზრდება შიდა ვალის მოცულობა. მომავალი წლის ბიუჯეტშიც 400 მილიონი ლარით იზრდება შიდა ვალი. მხოლოდ საპროცენტო ხარჯები 2015 წელს დაგეგმილია 68 მილიონი ლარის ოდენობით, რაც დამაფიქრებელია.
-მთავრობა ხომ სავალუტო ფონდთან თანამშრომლოს. 154 მილიონი ვალიც აიღო, რომელიც სამ წლის განმავლობაში თანდათანობით უნდა შემოვიდეს. როგორია მათი პოზიცია?
- ბიჯეტის დროში თანაბარ შესრულების პრობლემა არც საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის გახდა შეუმჩნეველი. მის მიერ ახალი Stand by arrangement პროგრამის დამტკიცებისას მიღებულ დოკუმენტში, რომელიც მიმდინარე წლის 31 ივლისს გავრცელდა, ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს ბიუჯეტის უფრო თანაბარი შესრულება წლის განმავლობაში.
მათაც მიაჩნიათ, რომ შარშან ზამთარში მომხდარი ლარის გაუფასურება სწორედ ბიუჯეტის არათანაბარმა ხარჯვამ განაპირობა.
მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში ხარჯების ფრთხილად გაწევა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ შემოსავლების საკმაოდ დიდი ნაწილი, 1,2 მილიარდი ლარი მოზიდულია უცხოური ვალუტით, საგარეო კრედიტებისა და გრანტების სახით, მათი ეროვნულ ვალუტაში კონვერტაცია და მიმოქცევაში ერთბაშად გაშვება გამოიწვევს ფულის მასის ზრდას და წარმოშობს ინფლაციისა და ლარის დევალვაციის რისკს.
უმჯობესია ბიუჯეტის გეგმა ხარჯვით ნაწილში არ შესრულდეს, ვიდრე ბოლო ორ თვეში გადაირიცხოს დიდი ოდენობით თანხები მხარჯველი ერთეულებისათვის და მოხდეს სავალუტო რყევების პროვოცირება.
"ჯი-ეიჩ-ენი", ლაშა ნოდია