დღეს, 6 აპრილს, თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების გახსნიდან 114 წელი შესრულდა. ათენში თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები 1896 წლის 6 აპრილს გაიხსნა.
ოლიმპიური თამაშები უძველესი და ყველაზე პოპულარული დღესასწაული და შეჯიბრებაა ძველ საბერძნეთში. პირველი ოლიმპიური თამაშები ძვ. წ. 773 წელს ქალაქ ოლიმპიაში მოეწყო. თამაშებს შორის ინტერვალი შეადგენდა 1417 დღეს. ოლიმპიური თამაშები თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებაა, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს.
1894 წელს პარიზში საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს და დაამტკიცეს ოლიმპიური თამაშების ძირითადი წესები და დებულებები (ოლიმპიური ქარტია). ასევე მიიღეს გადაწყვეტილება ერთიანი ხელმძღვანელი ორგანოს შექმნის თაობაზე, რომელსაც ეწოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ).
ოლიმპიური თამაშები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ყოველ თამაშებს ენიჭება ნუმერაცია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თამაშები არ ჩატარდა რაიმე მიზეზის გამო (მაგ: ომი, 1916 წ. მე-6 თამაშები; 1940 წ. მე-12 თამაშები; 1944 წ. მე-13 თამაშები).
1924 წლიდან სისტემატიურად ტარდება ზამთრის ოლიმპიური თამაშებიც. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის სპორტსმენებმა თამაშებში პირველად მიიღეს მონაწილეობა 1908 წელს.
თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ჯ. კონოლი (სამხტომი 13.7 მ, აშშ). ქალებმა პირველად მონაწილეობა მიიღეს 1900 წელს ჩოგბურთელთა ტურნირში. პირველი ქალი ჩემპიონი იყო შ. კუპერი (დიდი ბრიტანეთი).
ოლიმპიური ალამი პირველად აღიმართა 1914 წელს, პარიზში თამაშების აღორძინების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე.
ოლიმპიური ალამი თეთრი ფერის დროშაა და მასზე გამოსახულია ხუთი ერთმანეთზე გადაჯაჭვული რგოლი (ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი). ამ ემბლემის დევიზია "Citius, Altius, Fortius" ("უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად").