რესპოდენტის შესახებ
"ოცნებამ" კონკურენციის სააგენტო შექმნა, რომელიც "ნაციონალების" მიერ გაუქმებული რეინკარნირებული ანტიმონოპოლიური სამსახურია. მიუხედავად ამისა, საქართველოში მონოპოლიები თავს მაინც მშვენივრად გრძნობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით თვალშისაცემი ფარამეცევტული ბაზარია - ერთი და იგივე კომპანია წამალსაც აწარმოებს, აფთიაქიც აქვს და კლინიკაც... ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის" რექტორი, ეკონომიკის ექსპერტი სოლომონ პავლიაშვილი ამბობს, რომ კონკურენციის სააგენტო სიტუაციას, პრაქტიკულად, ვერ შეცვლის. პავლიაშვილის თქმითვე, საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, არაერთხელ ყოფილა მცდელობა, რომ ბაზარზე მონოპოლიების მარეგულირებელი მექანიზმები შექმნილიყო, მაგრამ ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. "ვერც კონკურენციის ახალი სააგენტო გაამართლებს", - ეჭვობს სოლომონ პავლიაშვილი და ფართო საზოგადოებას ქართული კონურენციის ანატომიას სთავაზობს:
- მართალია, ახალი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და, კონკურენციის სააგენტოს სახით, ახალი ანტიმონოპოლიური სამსახურიც შეიქმნა, მაგრამ მათი ამოქმედება დღემდე პრობლემურია.
- რატომ?
- კანონი და სააგენტო ერთია, მაგრამ იმისთვის, რომ კანონით განსაზღვრული ნორმები ცხოვრებაში დაინერგოს, სახელმწიფომ ჯერ კონკურენციის განვითარებისა და ანტიმონოპოლიური რეგულირების სტრატეგია უნდა შეიმუშავოს.
- ასეთი სტრატეგია არ არსებობს?
- არა... იმისთვის, რომ ქვეყანაში თანამედროვე, ევროპული ყაიდის ანტიმონოპოლიური რეგულაციები დაინერგოს, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, ორი ათეული წლის განმავლობაში, თუ რატომ ვერ მოხერხდა ანტიმონოპოლიური უწყების გამართული მუშაობა... მართალია, დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახური პირველად 1995 წელს შეიქმნა, მაგრამ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის პრობლემა დღემდე არსებობს. ყველა ხელისუფლება კონკურენციის არარსებობას, კარტერულ გარიგებებსა თუ კორუფციულ სქემებს სწორედ ამ სამსახურის სისუსტით ხსნიდა და მის რეორგანიზაციას იწყებდა. ერთ-ერთი ასეთი რეორგანიზაცია "ვარდების რევოლუციის" შემდეგ განხორციელდა, მაგრამ პრაქტიკულად, არაფერი შეიცვალა.
საერთოდ, მე თუ მკითხავთ, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკა იმაზე კი არაა დამოკიდებული, ეს სამსახური რამდენად მკაცრი, ან რბილი უფლებებით იქნება აღჭურვილი. მთავარია, რამდენად სწორადაა ჩამოყალიბებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზა და არსებობს თუ არა ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ასევე, მნიშვნელოვანია ამ სამსახურში დასაქმებულთა პროფესიონალიზმიც.
- ბატონო სოლომონ, იზიარებთ მოსაზრებას, რომ საქართველოში მონოპოლიების შექმნას ხელს გადაწყვეტილების მიმღები პირების ზოგჯერ ლეგალური და ზოგჯერ არალეგალური მხარდაჭერა უწყობს?
- ეს მოსაზრება კი არა, ფაქტია, რომელსაც განვლილი წლებიც ადასტურებენ.
საქართველოში კონკურენციული პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და რეორგანიზაციის ეტაპები, წლების მიხედვით, შეიძლება, ასე ჩამოვაყალიბოთ:
1992 წელს, „მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ" პირველი დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც საქართველოში მონოპოლიური ერთეულების მოქმედებას არეგულირებდა. მოგვიანებით, ანუ 1996-2004 წლებში, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის კანონმდებლობა შეიქმნა. ამასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ანტიმონოპოლიური სამსახური ჩამოყალიბდა, რომლის ფუქციაც დომინანტური მდგომარეობის მქონე კომპანიების გაკონტროლება იყო. სწორედ ამ პერიოდში დასახელდნენ პირველი მონოპოლისტები და ბუნებრივი მონოპოლიების რეესტრიც განისაზღვრა.
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ ე.წ. ლიბერალური რეფორმები დაიწყო, რასაც ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება და მის ბაზაზე "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს" შექმნა მოჰყვა, თუმცა ამ სააგენტოს საქმიანობაც, პრაქტიკულად, ანალიტიკური ფუნქციებით შემოიფარგლა.
- ბატონო სოლომონ, თუკი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა არსებობდა, აბა, "ოცნებამ", მიმდინარე წლის მარტში კონკურენციის კანონი რატომღა მიიღო, ან "კონკურენციის სააგენტო" რა მიზნით შექმნა? სხვათა შორის, "კონკურენციის სააგენტო" დღემდე პასიურია...
- საქართველოში, ბევრ სფეროში ფარული მონოპოლია არსებობს. ოფიციალური სტატისტიკით, 2014წელს, საქართველოს ბიზნესის მთლიან ბრუნვაში, მცირე და საშუალო ბიზნესს 15%-იანი წილი უჭირავს და ეს მაშინ, როცა 2000 წელს მხოლოდ მცირე ბიზნესზე 33% მოდიოდა.
- ამით რისი თქმა გინდათ?
- აღნიშნული მაჩვენებელი ირიბად იმაზე მიუთითებს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ბაზრებზე კონკურენციის დონე საგრძნობლად, თითქმის 2,5-ჯერ შემცირდა, რაც, პირველ რიგში, პროდუქტებზე მაღალ ფასებსა და პროდუქციის დაბალ ხარისხში გამოიხატება. განვითარებულ ქვეყნებში კი, მაგალითად, გერმანიაში მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა მთლიანი ბიზნესის 40%-ს აღემატება, დიდ ბრიტანეთში - 60%-ს.
ვიღაცები ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ანტიმონოპოლიური უწყების მთავარი მიზანი და ფუნქცია კერძო ბიზნესის შეზღუდვაა, რაც, მომიტევეთ და, სისულელეა, რადგან განვითარებული ეკონომიკის მქონე დიდ თუ პატარა ქვეყნების მაგალითები ნათელყოფენ, რომ ანტიმონოპოლიური ორგანოს მთავარი ფუნქცია სახელმწიფოს ბიზნესში ჩაურევლობის უზრუნველყოფაა. საერთოდ, მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება, რომ ესა თუ ისე მეწარმე, კონკურენტთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენოს, რასაც ამ მეწარმის მიერ ბაზრის მონოპოლიზება და მის მიერ წარმოებული პროდუქციის არაადექვატური გაძვირება მოსდევს.
ვთქვი და ვიმეორებ, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის მუშაობის ეფექტურობა, პირველ რიგში, ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზარზე კონკურენცია არ იქნება და ჩინოვნიკებიც ლობირებას უწინდებურად გააგრძელებენ, რაც ბაზრის დეფორმირებას გამოიწვევს. პოლიტიკური ნება კი ის შემაკავებელი ფაქტორია, რომლითაც იმ ეკონომიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ბლოკირება ხდება, რომლითაც ბაზარზე პრივილეგირებულობისა და არაპრივილეგირებულობის პირობები იქმნება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მხოლოდ აღმასრულებელმა კი არა, საკანონმდებლო ხელისუფლებამაც, პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას, ოქროს შუალედი დაიცვას.
- "ოქროს შუალედი" მაინც, როგორია?
- გადაწყვეტილებები შეიძლება, პირდაპირ რეგულაციების გამკაცრების მიმართულებითაც იყოს და, ასევე, ზედმეტი ლიბელარიზაციის კუთხითაც, თუმცა ერთსაც და მეორესაც კონკურენციის ხარისხზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
სხვათა შორის, ახლადშექმნილი კონკურენციის სააგენტოს საქმიანობა მარეგულირებელ ორგანოებთან, მხედველობაში მაქვს კომუნიკაციების, გაზის, წყლის და ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისიები, თანამშრომლობის გარეშე ეფექტური ვერ იქნება.
გარდა ამისა, ბაზრის თვისობრივი და რაოდენობრივი შეფასებისა და მონოპოლიების გამოვლენის მეთოდიკის შემუშავება და დახვეწაც აუცილებელია.
ნებისმიერი ახალი ცვლილება, რომელიც ანტიმონოპოლისტურ კანონმდებლობაში შევა, უნდა პასუხობდეს შეკითხვას: ზღუდავს თუ არა ეს ცვლილება მიმწოდებლის რაოდენობასა და მომხმარებლის არჩევანს?
ანტიმონოპოლიური უწყება, თავისი არსით, დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი კი არა, მარეგულირებელი ორგანო უნდა იყოს და ბაზარზე კომპანიების ქცევა ისე უნდა დაარეგულიროს, რომ საზოგადოების მაქსიმალური კეთილდღეობა უზრუნველყოს. საზოგადოების წინაშე სახელმწიფოს სწორედ ეს ვალდებულება აქვს აღებული.
- იმისთვის, რომ კონკურენციის სააგენტო წარმატებული იყოს, კიდევ რა უნდა გაკეთდეს?
- ვიდრე ამ შეკითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა იმ მოთხოვნებიდან, რომელთაც ევროკავშირი გვიყენებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება სააგენტოს წარმატებულობას, საქართველოს ბაზრებზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში კონკურენციის ნაკლებობა მწვავედ დგას და კომპანიების მიერ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტიც მრავლადაა. როგორც გითხარით, მოსაზრება, რომ კონკურენციული კანონმდებლობა ბიზნესის დამაბრკოლებელი მოვლენაა, მცდარია. კონკურენციული კანონმდებლობის არსი, ნებისმიერ ქვეყანაში, კონკურენციულ პოლიტიკასა და ანტიკონკურენტული ქმედების დაუშვებლობას გულისხმობს. არც ერთი ნორმალური კანონმდებლობა, ისეთ მონოპოლიურ მდგომარეობას, რომელიც წარმატებული სტრატეგიითაა მიღწეული, არ კრძალავს. უბრალოდ, კომპანიების გარკვეულ ქმედებებზე მონიტორინგი უნდა დაწესდეს.
მაგალითად, კონკურენციის სააგენტომ უნდა დააწესოს სანქციები, ჯარიმები, ასევე, საფასო შეზღუდვა, თუმცა ჯარიმა საზოგადოებრივი დანაკარგის სიდიდის შესაბამისი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმა არაეფექტური იქნება და იმაზე მეტ დანაკარგს მოგვიტანს, ვიდრე მონოპოლიას მოაქვს.
საერთოდ, მარეგულირებელმა სააგენტომ მონოპოლისტური ფირმა კი არა, მონოპოლისტური ფასი უნდა გამოავლინოს, რადგან საზოგადოების სარგებელს მონოპოლია კი არა, მონოპოლიური ფასი ამცირებს. სააგენტომ მონოპოლიური ფასი რომ დაადგინოს, პირველ რიგში, საბაზრო მოთხოვნა უნდა შეისწავლოს, ანუ ამა თუ იმ ფასის პირობებში რა რაოდენობის პროდუქტი გაიყიდება. ასევე, უნდა დაადგინოს კანონზომიერება მოთხოვნის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის. პარალელურად, ინფორმაცია კომპანიის დანახარჯებსა და შემოსავლებზეც უნდა მოიპოვოს და სწორედ ასე უნდა გამოთვალოს კომპანიის ზღვრული დანახარჯისა და შემოსავლის მნიშვნელობა, რის შემდეგაც შეზღუდული მოთხოვნის რაოდენობის შესაბამისობა მოთხოვნის ფასთან უნდა დაადგინოს. მიღებული შედეგი კი, საბაზრო ფასს შეადაროს და თუ ისინი ერთმანეთს დაემთხვა, აღმოჩნდება, რომ საბაზრო ფასი, სინამდვილეში, მონოპოლისტურია.
კონკურენციასა და ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე საუბრისას ისეთი მიმართულებებიც უნდა განვიხილოთ, როგორიც, მაგალითად, სტანდარტიზაცია და ეროვნული სტანდარტია. ჩვენთან, სხვათა შორის, კორპორაციული მართვაც პრობლემაა. ყოველ შემთხვევაში, ასეთ დროს მონოპოლიური მდგომარეობის "დამალვა" ძალიან მარტივია.
- მაინც, როგორ?
- არსებობს ერთი გენერალური ხაზი, ანუ ხელისუფლების პოლიტიკა და ყველა ბიზნესი სწორედ მის ირგვლივაა თავმოყრილი. მოკლედ, თუ ეს გენერალური ხაზი და პოლიტიკური მიდგომა არ შეიცვალა, კონკურენციის სააგენტოს წარმატებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ერთი სიტყვით, მთავარი პოლიტიკური ნებაა, თორემ ის, თუ როგორი უნდა იყოს ანტიმონოპოლიური ორგანო, უკვე ტექნიკის საკითხია.
ისიც ფაქტია, რომ ამ მონოპოლიებით ეკონომიკა იკუმშება და იფიტება.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა საბა მეგრელიშვილი