საფრანგეთში ყოფილ პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან დაკავშირებული სკანდალი აგორდა. სასამართლოს გამომძიებლები ეჭვობენ, რომ სარკოზის გარემოცვამ 2010 წელს ყაზახეთთან "Eurocopter"-ის ტიპის 45 ვერტმფრენის მიწოდების შესახებ გაფორმებული კონტრაქტებიდან უკანონო საკომისიოები (ე.წ. ატკატები) მიიღო. ამის შესახებ გამოცემა "Le Monde" წერს.
"პარიზის ორი სასამართლო გამომძიებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის შესახებ გამოძიების ფარგლებში, საფრანგეთსა და ყაზახეთს შორის 2010 წელს გაფორმებულ კონტრაქტებს სწავლობს, რომელთა ღირებულება თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარი იყო",_ ნათქვამია სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ კონტრაქტები დაკავშირებულია მათ შორის ევროპელი მწარმოებლის "Eurocopter"-ის 45 ვერტმფრენის შეძენასთან, რაც ფრანგულის მხარისათვის, ადვოკატების აზრით, ე.წ. ატკატების გადახდით დასრულდა.
ეჭვმიტანილთა შორის ასახელებენ სარკოზის ყოფილი მრჩევლის ჟან-ფრანსუა ეტიენ დე როზეს, სპეციალურ მრჩეველს კლოდ გეანს, ელისეის სასახლის გენერალურ მდივანს ნატალი გონზალეს -პრადო. ყველა მათგანი დაკავებულია პოლიციის მიერ. მათ საცხოვრებელ ადგილებში და კომპანია " Eurocopter "-ის საფრანგეთის შტაბ-ბინაში უკვე ჩატარებულია ჩხრეკა. ბრალი ასევე წაეყენა ელისეის სასახლის ადვოკატს.
ამას გარდა, ნიკოლა სარკოზი ასევ ეჭვმიტანილია 2011 წელს ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის თხოვნით ბელგიის სენატზე ზეწოლაში, სამი ყაზახი ბიზნესმენის მიმართ წარმოებული სასამართლო პროცესის შემსუბუქების მიზნით, რომელსაც ბელგიელი მოსამართლეები ახორციელებდდნენ.
მედიის ინფორმაციით, ყაზახ ბიზნესმენებთან დაკავშირებით, ამ დელიკატური "საკითხის მოგვარებამ" გააჩინა საშუალება იმისა, რომ პარიზსა და ასტანას შორის ე.წ. ვერტმფრენების კონტრაქტები გაფორმებულიყო. ამის შესახებ, გამოცემასთან საუბარში განცხადება ბელგიელმა დეპუტატმა ცენტრისტმა ოლივიე მენგენმა გააკეთა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ბელგიას სახელმწიფო სკანდალი ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის მექრთამეობაში, პირადი მიზნებისათვის თანამდებობის გამოყენებასა და კომერციული საიდუმლოს გაცემის ფაქტის დაფარვაში ოფიციალური ბრალი წაუყენეს. ამას გარდა, საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ასევე ეჭვმიტანილია იმაში, რომ ის მოსამართლისაგან იღებდა ინფორმაციას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2007 წლის მისი საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსებას ეხებოდა ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფის მიერ.