დაინტერესებულ მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ გლდანის, საბურთალოს, სამგორის, ისნის, მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების მთლიანი გზათა ქსელი, შესაბამისი ნუმერაციით დანომრილი ყველა შენობა და ნაგებობა პოპულარულ სერვისზე მოიძიონ. ამას გარდა, რუკაზე დატანილია საშუალო სკოლების საზღვრებიც და თითოეული მათგანი საკუთარი ნომრითაა აღნიშნული.
Google-ს რუკას თანდათან ემატება თბილისის მწვანე საფარიც - პარკები, ბაღები და სკვერები. ამჟამად უწყების GIS სპეციალისტები Google Map-ზე დიდუბის მონაცემებს ათავსებენ. მისი დასრულების შემდეგ კი მუშაობა ბოლო - ნაძალადევის რაიონზე დაიწყება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თბილისის Google Map-ზე განთავსების მთლიანად დასრულებას 2015 წელს გეგმავს.
სააგენტო უკვე მესამე წელია გეოგრაფიულ-სივრცობრივ მონაცემებს აგოვებს და მუდმივად მუშაობს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულყოფილად იყოს ასახული. რუკას თანდათან ემატება შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ.
Google-ის პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ნავიგაციის სისტემის, ტურიზმისა და ქვეყანის ეკონომიკური განვითარებისთვის.
შეგახსენებთ, Google-ს რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ორწლიანი, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2011 წელს გაჩნდა. ამჟამად უწყება Google maps-ს რეგიონალური ადმინისტრატორია. რუკაზე მუშაობა მუდმივი, უწყვეტი პროცესია და ამ მიმართულებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქმიანობას კვლავაც გააგრძელებს.