„უკრაინის პროდასავლური კურსი და მისი რუსეთისაგან დაშორება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ამ სიტუაციაში შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მოსახლეობას იმედები არ უნდა გაუცრუოს", - ასე თვლის მიოდრაგ შორიჩი, რადიო „დოიჩე ველეს" საკორესპონდენტო ბიუროს ხელმძღვანელი ვაშინგტონში.
„ამერიკელებმა უკრაინის პრეზიდენტს ტრიუმფალური შეხვედრა მოუწყეს, მან კონგრესის სხდომაზე შთამბეჭდავი სიტყვა წარმოსთქვა, შესაბამისად, პეტრო პოროშენკო ერთ-ერთი იმ უცხოელთაგანი გახდა, რომელსაც იშვიათად თუ ხვდება ხოლმე წილად ასეთი პატივისცემა. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლებებს, რაც ამერიკელებისათვის საბაზო ფასეულობებია. მისმა მოწოდებამ - „არ მიატოვოთ უკრაინელები ბედის ანაბარად" - ხანგრძლივი აპლოდისმენტები გამოიწვია.
ყველგან, სადაც კი პეტრო პოროშენკო მივიდა - კონგრესში, თეთრ სახლში, სხვა დასხვა ფონდებში - მას წითელ ხალიჩას უფენდნენ, შეხვედრისას პოლიტიკოსები დახმარების ნიშნად მხარზე ხელს უტყაპუნებდნენ... ერთი შეხედვით, ეს ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო, მაგრამ დღესასწაულის შეგრძნება არ ჩანდა, რასაც თავისი მიზეზები აქვს...
პეტრო პოროშენკო ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა: რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს. ქვეყნის ეკონომიკა ბანკროტობის ზღვარზეა, განუხრელად მატულობს უმუშევრობის დონე, რუსეთი უკრაინული პროდუქციის იმპორტი აკრძალა, ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან ძალაში მთლიანად მხოლოდ მომავალი წლის ბოლოს შევა, უკრაინას არ აქვს ფული რუსული გაზის შესასყიდად. კრემლი ნე-ნელა, მაგრამ მტკიცედ კეტავს გაზის ონკანს უკრაინისათვის. ზამთარი ახლოვდება - უახლოეს თვეებში დიდი ქალაქები ლვოვი, ოდესა ან კიევი, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, გათბობის გარეშე დარჩებიან. ყველასთვის ნათელია: უკრაინელებს ძალიან ძვირი უჯდებათ რუსეთის ორბიტიდან ჩამოშორება და დასავლეთთან დაახლოება.
რას პასუხობენ ამერიკელები პეტრო პოროშენკოს თხოვნას ფინანსური დახმარების გაწევისა და იარაღის მიწოდების თაობაზე? უკრაინის მთავრობას სულ ცოტა 47 მილიონი სჭირდება, რომ როგორმე მოსახლეობას ზამთარი გადაატანინოს. არმიას იარაღიც უნდა, რომ აღმოსავლეთი რუსული აგრესიისაგან დაიცვას. შეიძლება თვითონ პეტრო პოროშენკოს ნათქვამი გავიმეოროთ: „მხოლოდ საბნებით და დაპირებებით ომს ვერ მოვიგებთ და მშვიდობას ვერ დავამყარებთო".
ვაშინგტონი იარაღს არ იძლევა. მათ ვლადიმერ პუტინის პროვოცირება არ სურთ. გარდა ამისა, ამერიკელები თვლიან, რომ კონფლიქტის ომითა და იარაღით მოგვარება შეუძლებელია. ზუსტად იგივე გააკეთა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომის დროს - თბილისს იარაღის მიწოდებაზე უარი განუცხადა. სამწუხაროდ, პეტრო პოროსენკო საჭირო რაოდენობით ფულსაც ვერ მიიღებს: აშშ-ში წინასაარჩევნო ბრძოლა მიმდინარეობს, კონგრესმენები და სენატორები მრავალმილიარდიან საჩუქრებს არ მისცემენ იმ ქვეყანას, რომლის შესახებ ამერიკელმა ამომრჩეველმა ფაქტიურად ისიც არ იცის, სად მდებარეობს. კულუარებში ამერიკელი პოლიტიკოსები იმასაც მიუთითებენ, რომ უკრაინაში კორუფცია ჰყვავის და აქედან კითხვა - „ვინ იცის, ვის ჯიბეში წავა ამერიკული დოლარები? დაე, უკრაინას დახმარება ევროპელებმა და სავალურო ფონდმა გაუწიონ".
„ვინც ტყუილ იმედებს თესავს, ის რეალურ იმედგაცრუებას მოიმკის" - ამბობენ, რომ ეს სიტყვები აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰენრი კისინჯერს ეკუთვნის. წლების განმავლობაში ვაშინგტონი კიევს მოსკოვისგან ჩამოშორებაში მხარს უჭრერდა და ახლა, როცა უკრაინამ საბოლოოდ აირჩია პროდასავლური კურსი, ვაშინტონმა მის ბედზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს... მაგრამ რადგან ამერიკელები საფულეს არ ხსნიან, ამით პასუხისმგებლობაზე უარს აცხადებენ.
მასალის გამოყენების პირობები