„ბი-ბი-სის" პუბლიკაციაში გაანალიზებულია თანამედროვე საერთაშორისო სამართლის „ურთიერთგამომრიცხავი" პრინციპების - ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და ხალხთა თვითგამორკვევის უფლების პრაქტიკული განხორციელების ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.
„საერთაშორისო სამართალში ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და ხალხთა თვითგამორკვევის საკითხებში მკვეთრი განმარტება არ არსებობს, არაა ნათლად გამოკვეთილი წესი - ვინ ვის როგორ და როდის შეიძლება გამოეყოს. თანამედროვე მსოფლიომოწყობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამგვარი ნორმები გაეროს პლატფორმაზე უნდა შემუშავდეს, მაგრამ ფაქტია, რომ მანამდე ჯერ კიდევ შორსაა. თუმცა ამ საკითხში რაღაც მიღწევები უკვე გვაქვს.
ხალხთა ეროვნული და რეგიონული მისწრაფებები შეიძლება სახელმწიფოს საზღვრების დარღვევის გარეშეც დაკმაყოფილდეს, მათი ავტონომიის გაფართოებით. ორი მომენტიცაა გასათვალისწინებელი: თუ ვინმეს სადღაც გასვლა უნდა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ ის „საპყრობილეში" არ უნდა ამყოფოს, მაგრამ სეპარატისტებმაც ვნებები უნდა დაიოკონ და ისე არ უნდა იყვირონ - „გვინდა და მორჩა, ხელისუფლება სულ ფეხზე გვკიდია". ყველაფერი ერთმანეთის ინტერესების პატივისცემით და კონსენსუს-კომპრომისებით უნდა გადაწყდეს. არის ერთმანეთსაგან მშვიდობიანი დაშორების მაგალითები - ჩეხეთი და სლოვაკეთი [ყოფილი ჩეხოსლოვაკია], მაგრამ არის სისხლიანიც - ყოფილი საბჭოთა კავშირი, იუგოსლავია...
სამწუხაროდ, მოვლენები ხშირად მხოლოდ სისხლიანი სცენარით მიდის - სიძულვილი, ნგრევა, სიკვდილი მეფობს. ზოგჯერ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლები საბოლოო ჯამში დიდი მსხვერპლის ფასად მიზანს აღწევენ, ზოგჯერ კი - არა. ერთი კანონზომიერება კი აშკარაა: გარედან დახმარების გარეშე სეპარატისტების დამარცხება გარდაუვალია.
ასეთი კონფლიქტები ოთხ კატეგორიად შეიძლება დაიყოს:
პირველი - სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზების გამო სეპარატისტები მსოფლიო საზოგადოების თვალში სიმპათიებს იწვევენ და მათი დახმარებით ისინი იმარჯვებენ;
მეორე - სეპარატისტებს რომელიმე ერთი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო (ხშირად მეზობელი ქვეყანა) ეხმარება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ეს უფრო ტერიტორიულ დავაა, ვიდრე სეპარატიზმი. მსოფლიო ასეთ მოვლენას ნეგატიურად აფასებს. თუ საბოლოო ჯამში სეცესია (გამოყოფა) მაინც განხორციელდება, გამოყოფილ რეგიონს რეზერვაციის ბედი ელოდება: პატრონის გარდა, მას არავინ არ აღიარებს, რჩება სუსტი ეკონომიკით და იქ ავტორიტარული ხელისუფლებაა გაბატონებული;
მესამე - ცენტრალური ხელისუფლება საკმაოდ ძლიერია და სეპარატისტებს კისერს უგრეხს, მსოფლიო კი ამას შიდა პრობლემად აფასებს და გულგრილად უყურებს. ასეთ დროს „დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებს" არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ;
მეოთხე - პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს, კანონის ფარგლებში, ღებულობს ხანგრძლივ მშვიდობიან ფორმას და საბოლოოდ, უშედეგოა იმდენად, რამდენადაც ადამიანები ზოგადად კონსერვატორები არიან და დამოუკიდებლობას „სტატუს-ქვოს" ამჯობინებენ".
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, სეპარატიზმის ყველა მასშტაბური გამოვლინება პრაქტიკულად ამ კატეგორიებში თავსდება: პირველში - კოსოვო, ტიმორი, სამხრეთ სუდანი; მეორეში - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი, მთიანი ყარაბაღი; მესამეში - ჩეჩნეთი, ტიბეტი და სინცზიანი; მეოთხეში - კვებეკი, შოტლანდია, ნაწილობრივ - კატალონია. მასალაში მოცემულია აგრეთვე თითოეული ზემოთ ხსენებული სეპარატისტული რეგიონის საკმაოდ ვრცელი დახასიათება.
რაც შეეხება აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, საქართველოს ამ სეპარატისტული რეგიონების შესახებ პუბლიკაციაში ნათქვამია:
„ამ კონფლიქტების მიზეზების ძებნას ისტორიულად საუკუნეთა სიღრმეში მივყავართ, კავკასიაში რუსების გამოჩენამდე. არსებობს გამონათქვამი - „სახელმწიფო-მატრიოშკა", ანუ სახელწიფოში კიდევ პატარა სახელმწიფოა. აფხაზები და ოსები ქართველებს ვერ იტანდნენ, სამაგიეროდ, შორს მდებარე იმპერიული პეტერბურგისაკენ, შემდგომში კი მოსკოვისაკენ მიილტვოდნენ. თავის მხრივ, ცენტრი, ჯერ კიდევ მიხეილ გორბაჩოვის დროს, მოკავშირე რესპუბლიკებისა და მათ შემადგენლობაში მყოფი ავტონომიების დაპირისპირებაში მხარს ამ უკანასკნელთ უჭერდა.
1992-94 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს რუსეთს ფორმალურად ნეიტრალიტეტი ეკავა, მაგრამ ქართულ პოზიციებს „ამოუცნობი" თვითმფრინავები ბომბავდნენ, რუსი მესაზღვრეები კი აფხაზეთში დაუბრკოლებლად უშვებდნენ კაზაკ და ჩრდილოკავკასიელ მოხალისეებს. ცეცხლის შეწყვეტისა და ზავის დადების შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსი მშვიდობისმყოფლები განლაგდნენ. მოსკოვს საკუთარი თავი ობიექტურ და მიუკერძოებელ შუამავლად ჰქონდა წარმოჩენილი, მაგრამ ფაქტიურად 14 წლის განმავლობაში ერთკარიან თამაშს აწარმოებდა: „ჩვენ ორივე ხელით მხარს ვუჭერთ საქართველოს მთლიანობას, მაგრამ ამის შესახებ სოხუმთან და ცხინვალთან მოილაპარაკეთ... არ გაბედოთ და ძალა არ გამოიყენოთ, ამის ნებას არ მოგცემთ... რაო, აფხაზებს და ოსებს მოლაპარაკება არ სურთო? ცოტა მეტად უნდა გაისარჯოთ".
მიხეილ სააკაშვილმა მოთმინება დაკარგა და სამხრეთ ოსეთში „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა" ძალის გამოყენებით დაიწყო, მაგრამ შეცდა: რუსეთის არმიამ ქართველების მცდელობა სწრაფად და ულმობლად აღკვეთა, პარალელურად კი მოსკოვმა სამხრეთ ოსეთთან ერთად აღიარა აფხაზეთის სუვერენიტეტიც, თუმცა იქ პრაქტიკულად სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობდა.
მოიგეს თუ წააგეს აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ეკონომიკურად და პოლიტიკურად საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლით და არაღიარებულ სახელმწიფოებად გადაქცევით, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს".
ფოტო: ბი-ბი-სი