ბარაკ ობამას სტრატეგია რუსეთის მიმართ ჯორჯ ბუშის სტრატეგიის ანარეკლია
„უოლ სთრით ჯორნელის" სტატია ეხება აშშ-ის მხრიდან უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევის პრობლემატიკას, ასახულია მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების არგუმენტები - რატომ უნდა დაეხმაროს ან არ დაეხმაროს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას იარაღით. პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე ანალოგიურ შემთხვევაზე საქართველოს მიმართ 2008 წლის აგვისტოში (ავტორი ფილიპ შიშკინი).
„ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
თავი შეიკავა რა პრორუსული სეპარატისტების წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების [შეიარაღების] მიწოდებაზე, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მიიღო ფრთხილი გადაწყვეტილება, რომელიც ჯორბ ბუშის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ანალოგიური ნაბიჯის მსგავსია: ვაშინგტონმა იმ დროს უარი განაცხადა იარაღით დახმარებოდა საქართველოს, 2008 წელს, რუსეთის ჯარების შეჭრის დროს. მაშინაც და ახლაც თეთრი სახლი ერიდებოდა რუსეთის გაღიზიანებას და ფიქრობდა, რომ იარაღის მიწოდება კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევდა და მასში აშშ-იც ჩათრეული აღმოჩნდებოდა.
კრიტიკოსების თქმით, ვაშინგტონის უარი გამოწვეულია იმით, რომ იარაღით დახმარება ხელს კი არ შეუწყობს კონფლიქტის დეესკალაციას, პირიქით, მოსკოვს აქტიური მოქმედების საბაბს მისცემსო.
აშშ-მა უკრაინას გარკვეული სამხედრო დახმარება უკვე გაუწია, მაგრამ ეს იყო მხოლოდ არამომაკვდინებელი [არალეტალური] აღჭურვილობა - რადიოსადგურები, ჯავშანჟილეტები, აგრეთვე სურსათ-სანოვაგე ჯარისკაცებისათვის. ვაშინგტონში კი პეტრო პოროშენკოსა და ბარაკ ობამას ამასწინანდელი შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა თავის ამერიკელ კოლეგას რადარების, უპილოტო თვითმფრინავების და ისეთი თანამედროვე იარაღის გადაცემა სთხოვა, რომელსაც რუსული ტანკების ჯავშანი ვერ გაუძლებდა.
„ჩვენი შეფასებით, უკრაინისთვის ის რომ მიგვეცა, რაც გვთხოვა, კონფლიქტის ესკალაცია მოხდებოდა და რუსეთის მონაწილეობა უფრო გაფართოვდებოდა", - განაცხადა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, - ამასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ უკრაინას რუსეთთან მიმართებით, სამხედრო თვალსაზრისით, ასიმეტრიული მდგომარეობა აქვს". ასეთი მსჯელობა ადასტურებს იმას, რომ მიუხედავად ბარაკ ობამასა და ჯორჯ ბუშის მსოფლმხედველობებს შორის განსხვავებისა, რუსეთის მიმართ ორივე სიფრთხილეს იჩენს, ომის თავიდან აცილების მიზნით.
თანამედროვე იარაღით უკრაინის დახმარების მომხრეთა აზრით, თუ ვაშინგტონი კიევს იარაღს მიაწოდებს, რუსეთისათვის ომი ძვირადღირებული გახდება, რაც კრემლს აიძულებს მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს. სამშაბათს სენატორებმა რობერტ მენენდესმა და ბობ კორკერმა განსახილველად კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს.
მაგრამ ისინიც კი, ვინც მხარს უჭერენ უკრაინისთვის მომაკვდინებელი [ლეტალური] იარაღის მიწოდებას, ამბობენ, რომ ეს საკითხი ფრთხილ მიდგომას საჭიროებს, რომ ბრძოლის ველი ისედაც გაჯერებულია იარაღით და უამრავი ადამიანი იღუპება. აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი პრორუსული ამბოხებულები უკვე აცხადებენ, რომ ისინი გლობალურ ანტიამერიკულ ბრძოლას ეწევიან და თუ ვაშინგტონი უკრაინას თანამედროვე იარაღს მიაწოდებს, ეს ძალიან კარგი საჩუქარი აღმოჩნდება რუსული პროპაგანდისათვის, ე.წ. „შეთქმულების თეორიის" დასადასტურებლად.
და მაინც ასეთ სიტუაციაში ყველაზე დიდი პრობლემა რუსეთის მხრიდან პროვოკაციების შესაძლებლობა იქნება, რასაც თეთრი სახლი 2008 წელსაც თავს არიდებდა. მაგალითად, როცა ერაყში ამერიკის სარდლობას დაქვემდებარებული ქართველი მშვიდობისმყოფლები მსახურობდნენ, ამერიკელი ჩინოვნიკები მოითხოვდნენ, რომ სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამშობლოში ქართველები იარაღის გარეშე დაბრუნებულიყვნენ. „იყო ასეთი აზრი, რომ ყველანაირ სამხედრო ნაბიჯს მოსკოვის პროვოცირების გამოწვევა შეუძლია, რომლის შედეგის განსაზღვრას ვერავინ შეძლებს. შესაბამისად, ეს აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა", - წერს რონალდ ასმუსი, ყოფილი ამერიკელი დიპლომატი თავის წიგნში „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა", რომელიც 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომს ეხება.
ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას ამერიკა უკვე ჩართული იყო ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში, ამას დაემთხვა ფინანსური კრიზისი და... ამერიკას საქართველოსთვის აღარ ეცალა.
დღეს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში ახლო აღმოსავლეთის მოვლენები დომინირებს - ბრძოლა ისლამურ ექსტრემისტებთან. „ეს უკრაინისაგან ყურადღების გადატანას იწვევს", - ამბობს აშშ-ის სენატის შეიარაღების საკითხების კომისიის თანამშრომელი.
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისათვის კი დომინირებადი პროექტები უკრაინა და საქართველოა და იგი, როგორჩ ჩანს, მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთის ჩარევას ამ ქვეყნების საქმეებში ხელს ვერავინ შეუშლის. „ის დამოკიდებულება, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ პუტინთან მიმართებით, ოპორტუნისტობის ნიმუშია", - ამბობს სტივენ ჰედლი, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, - „პუტინი თამაშობს და მისი მიზნები პირდაპირპროპორციულად მატულობს... იგი უფრო ამბიციური ხდება".
მასალის გამოყენების პირობები