დღეს, 27 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საგარეჯოს რაიონის სოფელი ბადიაური, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ქართული ჭიდაობის ტურნირს უმასპინძლებს. ტურნირზე 9 რეგიონის ნაკრები გამოვა. ტურნირის საპრიზო ფონდი 20 ათასი ლარია.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის განცხადებით, ტურნირი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.
"ასეთი მასშტაბის ტურნირი საქართველოში არც მახსოვს. საპრიზო ფონდიც სოლიდურია. შეჯიბრში თითქმის ათი ნაკრები გამოვა, რომლებიც საქართველოს სხვადასხცა კუთხეს წარმოადგენენ. ყველა გუნდი სერიოზული იქნება, რადგან მოჭიდავეები თანაბრად გადავანაწილეთ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განცხადებით, ტურნირზე ყველა წამყვანი ფალავანი იჭიდავებს. მისი თქმით, ტურნირზე ძალებს ქართველი ჯარისკაცებიც მოსინჯავენ.
"ეს იქნება შოუ ქართულ ჭიდაობაში. ტურნირის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციაა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საუკეთესოები ექვს წონით კატეგორიაში, მათ შორის, 100 კგ-შიც გამოვლინდებიან.
გამარჯვებულები ფულად პრიზებს და ფასიან საჩუქრებს მიიღებენ.