უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გერმანიის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა, რომელიც კიევში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოროშენკომ სიმბოლური უწოდა იმ ფაქტს, რომ მერკელი კიევში უკრაინის სახელმწიფო დროშის დღეს და დამოუკიდებლობის დღის წინადღეს იმყოფება.
„დღეს უკრაინა ერთიანია, როგორც არასდროს და თავის ისტორიაში „ტრაგიკულ ტესტს" აბარებს", - განაცხადა პოროშენკომ.
მისი თქმით, უკრაინელების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა რაოდენობამ უპერეცენდენტო მაჩვენებელს მიაღწია.
პოროშენკომ მადლობა გადაუხადა გერმანელ ხალხს და გერმანიის მთავრობას მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის კიევში განიხილავს უკრაინისთვის რთულ ვითარებაში მხარდაჭერისა და მშვიდობის მიღწევის საკითხებს.
მერკელმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენ პოროშენკოს გულთბილი მიღებისთვის.