„YNNOVAS"-ი თბილისში ახალი GMP-ის სტანდარტის ფარმაცევტული საწარმოს ააშენებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში უკვე მესამე ბენეფიციართან გააფორმა ხელშეკრულება, რის შედეგადაც თბილისში ახალი GMP-ის სტანდარტის ფარმაცევტული საწარმო შეიქმნება. შპს „YNNOVAS" ქარხნის აშენებას 10 თვეში გეგმავს და საწარმოს ამოქმედების შემდეგ 100 ადამიანის დასაქმებას აპირებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება, საწყის ეტაპზე, 4 მლნ. აშშ დოლარია.
კომპანიასთან ხელმოწერის ცერემონია დღეს, 15 აგვისტოს გაიმართა ახალი საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია, „თიბისი" ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური და ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე.
ქარხნის აშენებისთვის 2 მილიონი აშშ დოლარის სესხის გაცემა უზრუნველყო „თიბისი" ბანკმა. სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის თანადაფინანსებას საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო პირველი 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.
ფარმაცევტული საწარმო თბილისში, ლილოს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, მშენებლობისას დასაქმდება 40 ადამიანი, ხოლო ქარხნის ამოქმედების პირველ ეტაპზე პერსონალის რაოდენობა იქნება 50 ადამიანი, რაც შემდგომ 100-მდე გაიზრდება.
ქარხანა დაპროექტდა ევროპელი პარტნიორების მიერ, ევროპული GMP-ის სტანდარტის გათვალისწინებით და ფუნქციონირებას დაიწყებს 10 თვეში, ხოლო GMP სერტიფიკატის მიღება იგეგმება 15 თვეში.
კომპანია რეგიონში პირველი კონტრაქტული მწარმოებელია, სადაც ფარმაცევტული წარმოების ყველა ციკლი (ნედლეულის წარმოებიდან მზა პროდუქციის წარმოებამდე) იფუნქციონირებს. საწყის ეტაპზე ქარხანას საშუალება ექნება აწარმოოს: 5 ტონამდე აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტები ფხვნილის სახით, 600 მილიონამდე ტაბლეტი, 300 მილიონამდე კაფსულა, 15 მილიონ ამპულამდე საინექციო წამლის ფორმები, 40 მილიონამდე სანთლები და მალამოები, 10 მილიონამდე ფლაკონის ოდენობით გალენური ხსნარები.
დაგეგმილია წარმოებული პროდუქციის 60-70%-ის ექსპორტირება. კომპანიას „YNNOVAS" უკვე დამუშავებული აქვს 200-ზე მეტი სხვადასხვა წამლის ტექნოლოგია და ფლობს აღნიშნულ პრეპარატებზე შესაბამის დოსიეებს. აღნიშნული დამკვეთს დაეხმარება მოწესრიგებულად წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-ს, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში. კომპანიას უკვე აქვს რამდენიმე შეკვეთა, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.
აღსანიშნავია, რომ წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, შპს „YNNOVAS"-ი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პერსონალის კვალიფიციურობას, შესაბამისად ფორმდება მემორანდუმი ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, რათა სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება და პრაქტიკული სწავლება ახალ საწარმოში. გამორჩეული და წარჩინებული სტუდენტები წახალისდებიან სტიპენდიით, ხოლო შემდგომში მოხდება ნაწილის კომპანიის მიერ დასაქმება. რამდენი ადამინი დასაქმდება საშუალოდ მაკლია
აღსანიშნავია, რომ კომპანია გეგმავს სრულად გამოიყენოს საქართველოს ფლორის მდიდარი სამკურნალო პოტენციალი, რადგან მთელს მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებზე. შპს „YNNOVAS" გამოთქვამს მზადყოფნას იმუშავოს იმ ოჯახებთანაც, რომლებიც ფლობენ ისტორიულად კარგად ცნობილ ფარმაცევტულ რეცეპტურას. კომპანია გეგმავს მსგავს თანამშრომლობას, იმისათვის, რომ ჩატარდეს კლინიკური კვლევები და შემდგომ მოხდეს ამ პრეპარატების თანამედროვე სტანდარტებით წარმოება.