დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წელს 942 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.0 პროცენტით აღემატება ამავე წლის წინასწარ და 3.3 პროცენტით - 2012 წლის დაზუსტებულ მონაცემებს.
"საქსტატის" ინფორმაციით, ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29 პროცენტი შეადგინა.
დაზუსტებული მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 2234 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2013 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით 82 პროცენტი შეადგინა. ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით გვიჩვენებს სექტორული დიაგრამა #4, რომლის მიხედვით პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 16 პროცენტით, მეორეზე - ლუქსემბურგი 15 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ჩინეთი 10 პროცენტით.
უმსხვილესი სექტორების წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2013 წელს 85 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 245 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 166 მლნ. აშშ დოლარით (18 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 140 მლნ. აშშ დოლარით (15 პროცენტი).