შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, მესამე კვარტალში საქართველოს მასშტაბით ჩასატარებელი სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული ტრეინინგები, სემინარები, კონფერენციები და სხვა მასობრივი ღონისძიებები
სამეგრელოში (გარდა ანაკლიისა), გურიაში (გარდა ურეკისა), იმერეთში (გარდა ქუთაისი, საირმე, წყალტუბო), შიდა და ქვემო ქართლში უნდა ჩატარდეს. სწორედ ამას ითვალისწინებს მთავრობის №1532 განკარგულება.
ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოცემული განკარგულება ცალკეულ უწყებებს პრობლემებს უქმნის და მათ სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციებით უწევთ მისი გვერდის ავლა. ეს იმის მიუხედავად, რომ №1532 განკარგულებაში მისი გვერდის ასავლელი დათქმები გათვალისწინებული არ არის.
რამდენად უწყობს ხელს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოცემული განკარგულება შიდა ტურიზმის განვითარებას და საბიუჯეტო თანხების ეფექტურ ხარჯვას ეს ცალკე შესწავლის საკითხია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ განკარგულება მნიშვნელოვნად აფერხებს ცალკეული უწყებების მიერ კონფერენციებისა თუ სემინარების კონკრეტულ ვადებსა თუ ადგილებში ჩატარებას. განკარგულება ბათუმში კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების უფლებას მხოლოდ I და IV კვარტალში რთავს - ანუ „მკვდარი სეზონის" პერიოდში.
განკარგულების გამოცემის ინიციატორი თავის დროზე ეკონომიკის სამინისტრო იყო. უცნობია, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა განკარგულება შიდა ტურიზმის განვითარებისა და ხარჯვის ეკონომიის თვალსაზრისით. მაგრამ ასევე ფაქტია, რომ რადგან განკარგულებაში არანაირი დათქმები თუნდაც ტრადიციად ქცეულ ღონისძიებებზე არ არის, ორგანიზატორებს ასეთ შემთხვევებში უწევთ დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა - „დასაბუთებული აუცილებლობისა და ღონისძიების სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის თანხმობით".
მაგალითისათვის, 10-11 ივლისს საერთაშორისო კონფერენციას - "საქართველოს ევროპული ზრდა" ბათუმმა უმასპინძლა, რისთვისაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს 250 000 ლარი გამოეყო.
„ჯი-ეიჩ-ენი" დაინტერესდა, კონფერენციის ბათუმში ჩატარებით (საუბარია წლის მესამე კვარტალზე) დაირღვა თუ არა მთავრობის №1532 განკარგულება და ჰქონდა თუ არა სახელმწიფო სტრუქტურას ასეთი მასშტაბული ღონისძიებისთვის ბათუმში ჩატარების უფლება?
თუმცა როგორც „ჯი-ეიჩ-ენს"ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ პაპუნა შენგელიამ ოფიციალური წერილით აცნობა, კონფერენციის ბათუმში ჩატარება წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთგვარ პოპულარიზაციას.
თუმცა ისმის კითხვა, განა სხვა სემინარები და კონფერენციები, რომელიც რეგიონის ტერიტორიაზე ტარდებოდა ან სურვილის შემთხევევაში გაიმართებოდა, რომ არა ეს აკრძალვა, აჭარის პოპულარიზაციის ნიშნების მატარებელი არ იყო ან არ იქნებოდა? საქართველოში ე.წ. მაის ტურიზმის განვითარებას ხომ ბათუმიდან და თბილისიდან უნდა დაწყებულიყო?
„საერთაშორისო კონფერენცია - "საქართველოს ევროპული ზრდა", რომელიც მიმდინარე წლის 10-11 ივლისს გაიმართა წარმოადგენს ყოველწლიურ, ტრადიციულ კონფერენციას, რომელიც მეშვიდე წელია ქალაქ ბათუმში ტარდება და როგორც ადგილობრივი ასევე მოწვეული სტუმრებისათვის ასოცირდება ბათუმთან.აღნიშნული კონფერენციის ყოველწლიურად ბათუმში ჩატარება, შეიძლება ითქვას წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთგვარ პოპულარიზაციას.
აღნიშნულ საერთაშორისო კონფერენციას საშუალოდ 300 მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. მასში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. შესაბამისად, ქალაქ ბათუმის ინფრასტრუქტურა ყველაზე მეტად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და იძლევა საშუალებას მსგავსი ტიპის ღონისძიება ჩატარდეს სათანადო დონეზე.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ევროპული გზის გამართვის მიზნით გამოიცა საქართველოს მთავრობის 26 ივნისის განკარგულება №1137"- განმარტავს პაპუნა შენგელია.
პაპუნა შენგელიას მიერ დასახელებულ №1137 განკარგულებაში კი აღნიშნულია, რომ ბათუმში 2 დღიანი კონფერენციის ჩატარებისათვის სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 250 ათასი ლარი მიიღო.
„ბათუმში მიმდინარე წლის 10-11 ივლისს დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა" მაღალ დონეზე ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოეყოს 250 000 ლარი", - ნათქვამია მთავრობის №1137 განკარგულებაში.
ამ შემთხვევაშიც ჩვენს მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს, „საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული ზრდა" რაიმე სახით დისკრედიტაცია. პირიქით, ასეთი სახის კონფერენციები ნამდვილად აუცილებელია, თუნდაც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.
კარგი იქნება თუ საქართველოს მთავრობა გადახედავს აღნიშნულ განკარგულებას და დაწესდება ერთიანი მიდგომა, რომელის დასაძლევადაც არ გახდება საჭირო ცალკეული ინტერპრეტაციები და დამატებითი ნებართვები.
მთავრობის განკარგულებით სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული ტრეინინგები, სემინარები, კონფერენციები და სხვა მასობრივი ღონისძიებები ყოველი წლის შესაბამისი კვარტალისთვის განსაზღვრული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებში უნდა გაიმართოს.
● 1 კვარტალი - აჭარის ა/რ, სამეგრელო, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი (გარდა ბაკურიანისა), სვანეთი, ქვემო ქართლი;
● II კვარტალი - სამეგრელო (გარდა ანაკლიისა), გურია (გარდა ურეკისა), იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა და ქვემო ქართლი;
● III კვარტალი - სამეგრელო (გარდა ანაკლიისა), გურია (გარდა ურეკისა), იმერეთი (გარდა ქუთაისი, საირმე, წყალტუბო), შიდა და ქვემო ქართლი;
● IV კვარტალი - აჭარის ა/რ, სამეგრელო, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი (გარდა ბაკურიანისა), სვანეთი, შიდა და ქვემო ქართლი.