რესპოდენტის შესახებ
უკრაინის პოპულარულ გამოცემაში „უკრაინსკაია პრავდა" გამოქვეყნებული მასალის შესავალში აღნიშნულია, რომ ეკა ზღულაძე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში „ბავშვურსახიანთა" მთავრობის (baby face goverment) წარმომადგენელი იყო - იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 26 წლის ასაკში დანიშნეს. „ეკა გამოცდილი პროფესიონალია, მისთვის შეუძლებელი შესაძლებელია, კარგად ერკვევა უკრაინაში შექმნილ ვითარებაში, კონსულტაციებს უწევს თავის უკრაინელ კოლეგებს. მისი მეუღლე, ფრანგი ჟურნალისტი რაფაელ გლიუკსმანიც უკვე მეოთხე თვეა უკრაინაშია".
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ეკა ზღულაძეს ჟურნალისტმა ანასტასია რინგისმა ჩამოართვა:
„ჩვენ რეფორმების გატარების პირველ წელიწადს ძალიან აგრესიულად ვმოქმედებდით - ვაპატიმრებდით, ვაპატიმრებდით და კვლავ ვაპატიმრებდით. ამას საჯაროდ ვაკეთებდით, ტელეკამრების წინაშე, რათა ეს დამამცირებელი ყოფილიყო. ეს ერთგვარი მესიჯსაც ნიშნავდა: ა)ციხეში ვსვამთ იმათ, ვინც ქრთამს იღებს და ბ) იმათაც, ვინც აძლევს. ჩვენ დავაპატიმრეთ რამდენიმე დეპუტატი მმართველი პარტიიდან, ჩვენივე მთავრობის გუბერნატორები, ახლადდანიშნული პოლიციელები და პროკურორებიც... ამგვარი მოქმედების მიზანი იყო, რომ გვეჩვენებინა - კანონის წინაშე ყველა თანაბარია. ამით დაიწყო მოსახლეობის ნდობის ზრდა ჩვენდამი. კიდევ ერთი მნიშვნე-ლოვანი მომენტი ის იყო, რომ ჩვენ განვმარტეთ ტერმინი „კორუფცია", თორემ ქართველების ცნობიე-რებაში ამ სიტყვის მნიშვნელობას ზუსტი დატვირთვა არ ჰქონდა. ჩვენთან ყველა ქრთმას აძლევდა და იღებდა - დიპლომებზე, ცნობებზე, მძღოლის მოწმობაზე... არავინ თავს დამნაშავედ არ თვლიდა: „აბა, რა ვქნა, სისტემაა ასეთი, მე მსხვერპლი ვარ".
როცა ჩვენ დღეს ვამბობთ, რომ საქართველომ კორუფცია დასძლიაო, ჩვენ არ გვაქვს მხედველობაში ის, რომ ამჟამად საქართველოში კორუფციის არცერთი ფაქტი აღარ ფიქსირდება. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები არის, მაგრამ კორუფცია სისტემური მოვლენა უკვე აღარაა. ჩვენ ეს სოციალური ფენომენი დავძლიეთ. სწორედ ამაშია განსხვავება ძველ და ახალ საქართველოს შორის. მე რომ სამინისტროში მუშაობა დავიწყე, ყველა ნათესავი მირეკავდა და ათას რაღაცას მთხოვდა - ეს გამიკეთე, იმაში დამეხმარე, ფული მასესხე... ეგონათ, რომ ფული ჩემოდნებით მომდიოდა. ყველას უარს ვეუბნებოდი. ერთი თვის შემდეგ მთელი ნათესაობა ხმას აღარ მცემდა...
ჩვენ პირველ რიგში დავშალეთ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, რომელიც ყოფილო „კა-გე-ბე"-ს ბაზაზე იყო აგებული. მისი ფუნქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. ცხადია, უშიშროების სამინისტროში იყვნენ ადამიანები, რომლებთანაც მუშაობა შეიძლებოდა, ისინი უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტების შექმნაში დაგვეხმარნენ... ჩვენ მიზნად დავისახეთ კონტრდაზვერვის ძლიერი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რათა უცხოური შესაბამისი ორგანოებისათვის ოპონირება შეგვძლებოდა და მათი [ანტიქართული] მოქმედების ბლოკირება მოგვეხდინა. ჩვენ ბოლო ოპერაციის დროს ხელში ჩავიგდეთ „გრუ"-ს სპეციალური აპარატურა, რომლის მეშვეობით ინფორმაციების კოდირება ხდებოდა.
ჩვენ კორუფციის პარალელურად კანონიერ ქურდებსაც ვებრძოდით. „კანონიერი ქურდები" მაფიოზები იყვნენ, რომლებიც სახელმწიფოს კონკურენციას უწევდნენ. ისინი საკმაოდ ძლიერები და მდიდრები იყვნენ. დავაპატიმრეთ 180 ქურდული ავტორიტეტის მქონე პირი, რამდენიმე ათეული ქურდი კი რუსეთში და ევროპაში წავიდა.
2000-ანი წლების დასაწყისში საქართველოში ბიზნესი არ არსებობდა, იყო მხოლოდ ორგანიზებული დანაშაული, შესაბამისად - ნულოვანი ბიუჯეტი. საბაჟოებს სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა. ყველაფერი კონტრაბანდული იყო - ყველით დაწყებული, იარაღით დამთავრებული... ჩვენ ეს პრობლემაც მოვაგვარეთ: მივიღეთ კანონი, რომლის ძალით კრიმინალურ დაჯგუფებაში მონაწილეობა მკაცრად ისჯებოდა, დადანაშაულებულ პირს კი ქონებას ვართმევდით - სახელმწიფომ მისი კონფისკაციის უფლება მიიღო. შემდეგ კი ვაპატიმრებდით. ჩამორთმეულ სახლებში პოლიციის სტრუქტურებს ვხსნიდით, მაგალითად კალაშოვის სახლში.
ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მათ ცხრა წლის განმავლობაში ვტანჯავდით და ეს ყველაფერი მტკივნეული იყო, მაგრამ რაც მას ჩვენ მივეცით, ეს ნორმალურია. რომ არ მიგვეცა, აი ის უკვე არანორმალური იქნებოდა. ბედმა გავიღიმა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენს მთავრობას თითქმის ათი წლის ვადა მოგვცა, ეს ნდობის უმაღლესი დონეა. ხელისუფლების გადაცემა ჩემთვის ყველაზე ლოგიკური და კარგი დასასრული იყო იმ რეფორმებისა, რომელთა განხორციელებაშიც ვმონაწილეობდი. მე იმედგაცრუებული ვარ მხოლოდ იმით, რომ მთავრობა, რომელიც ჩვენს შემდეგ მოვიდა, ის შედარებით არააქტიური და დეზორიენტირებულია, არ აქვს ზუსტი ორიენტირები ეკონომიკაში, საგარეო პოლიტიკაში... თუმცა, [რაც გაგვიკეთებია], იმას არ ვნანობ.
მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის ლოკომოტივია, მას უდიდესი ფანტაზია და გეგმები აქვს როგორც პირადად, ასევე მთელი ქვეყნისათვის და მისი გუნდის წევრი თითოეული ჩვენგანისათვის. მას რომ გაეკიდო, ვერ დაეწევი. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ იგი ღრუბლებში დაფრინავდა, მაგრამ ზოგჯერ ხარისხობრივი ნახტომისათვის სწორედ ასეთი იდეალისტია საჭირო. მიხეილ სააკაშვილს ძალიან ბევრი იდეა ჰქონდა, ჩვენ ამ იდეებიის 10% წარმატებით განვა-ხორციელეთ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბათუმის აღორძინება. მან თქვა, რომ ბათუმი შავიზღვისპირეთის დედაქალაქი უნდა იყოსო, არადა ბათუმი ხომ ძველი ქალაქია, იქ ყველაფერი მოძველებული იყო... ფული არ გვქონდა - 2004 წელია. ამ პროექტის არავის სჯეროდა, სააკაშვილი კი გვეუბნებოდა, რომ ბათუმი ახალი ლას-ვეგასი და ნიცა იქნებაო... გავიდა ორი წელი და ბათუმი განახლდა, უსაფრთხო გახდა, წამოვიდა ინვესტიციები იმ ქართველებისგანაც, რომლებიც მეზობელ თურქეთში ცხოვრობენ. ჩვენ, ქართველები, ბათუმში არ დავდიოდით, იქ კლიმატი ძალიან ტენიანია, წვიმები ხშირად მოდის, ბათუმი კურორტად არ მიგვაჩნდა. შემდეგ კი ვიცინოდით, რომ ამინდმაც კი მიშას მხარე დაიჭირა, მზიანი დღეები მომრავლდაო.
მიხეილ სააკაშვილის უნიკალურობა იმაშია, რომ მისი მთვარი მეთოდი დისკრეციაა. თუ მე პასუხს ვაგებ პროექტზე და მას თავს კარგად გავართმევ, იგი მე შემაქებს და არა ჩემს მინისტრს და თუ ვერ შევასრულებ დავალებას, ისევ მე მისაყვედურებს. მან ჩვენ საკუთარი შეხედულებით მოქმედება გვასწავლა და პასუხისმგებელი გაგვხადა. რატომ გამოგვივიდა ბევრი რამ საქართველოში? სხვადასხვანაირად ვაკეთებდით, მაგრამ ძალიან კრეატიულად".