12 აგვისტოს, მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სტუდენტები სხვადასხვა ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამის შესახებ
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგვაძემ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბიწაძემ, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს.
აქციის ინიციატორია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელსაც მხარს გარემოს დაცვის სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, აჭარის მთავრობა და კერძო სექტორი უჭერს.
29 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებული იქნება შემდეგი სახის ფასდაკლება: იმერეთის დაცული ტერიტორიების, პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეებში უფასო შესვლა; აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები უფასოდ შევლენ გონიოს ციხეში, ნობელების მუზეუმში, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმსა და არქეოლოგიურ მუზეუმში;
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მხარდაჭერით, 14-დან 29 წლამდე ბავშვები და ახალგაზრდებისთვის უფასო შესვლა იქნება გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში არსებულ ყველა მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში. კერძოდ, საქართველოს მუზეუმში, ეროვნულ გალერეაში, ხელოვნების მუზეუში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, თბილისის ისტორიის მუზეუმში, ოკუპაციის მუზეუმში, სიღნაღის მუზეუმში, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში, ვანის არქეოლოგიურ ნაკრძალში, სვანეთის მუზეუმში, ძალისას მუზეუმ-ნაკრძალში, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმსა და ოთხ სახლ-მუზეუმში.
6 წლიდან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის 50-პროცენტიანი ფასდაკლება იმოქმედებს სტანდარტ პაკეტზე ჯინო ფერედაისში, ფასდაკლებას მიიღებს პირველი 1000 მომხმარებელი. სპორტომპლექსი "არენა" კი ერთთვიან აბონემენტზე 20%-იან ფასდაკლებას აწესებს, ხოლო ერთდღიან აბონემენტზე 50%-იან ფასდაკლებას.
მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე 12 აგვისტოს აღინიშნება. აღნიშნულს საფუძველი გაერო-ს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა. ამ დღესასწაულს საქართველოც უერთდება.