საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები 8 აგვისტოს წლისთავთან დაკავშირებით ძმათა სასაფლაოს ეწვივნენ. ქართველმა დიპლომატებმა ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
„დღეს 7 აგვისტოა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. 6 წლის წინ დაიწყო ომი, რომელიც მხოლოდ 5 დღეს გაგრძელდა, მაგრამ მან მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ომის შედეგებს ბევრი მიმართულებით დღესაც ვიმკით. გვყავს უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი, გვაქვს უამრავი პრობლემა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე. ისევ ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20 %. აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივის მისაგებად დღეს აქ მოვედით საქართველოს მთელი დიპლომატიური კორპუსი. მოგეხსენებათ, თბილისში ტარდება ამბასადორიალი და ჩვენი ყველა ელჩი ამჟამად იმყოფება თბილისში. მათი და ჩემი დიდი სურვილი იყო , რომ პატივი მიგვეგო დაღუპულთა ხსოვნისათვის, კიდევ ერთხელ გამოგვეცხადებინა სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებისათვის და გვეთქვა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა ვეღარ იგრძნონ ამ ომის ტკივილი"-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც. საქართველოს საელჩოების ინიციატივით 2008 წლის 8 აგვისტოსთან დაკავშირებით იგეგმება საინფორმაციო მასალების გამოქვეყნება საერთაშორისო მედია საშუალებებში. ასევე გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ ექსპერტებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.