დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თბილისში მიმდინარე ყოველწლიური შეკრების - „ამბასადორიალი 2014"-ის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური ტენდენციები გააცნო.
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 2014 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ წინასწარი მონაცემებით 6%, ხოლო პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7.1 % შეადგინა. ყველაზე სწრაფად მრეწველობა 16.7 %-ით, მშენებლობა 14 %-ით, ხოლო ვაჭრობა 11.1 %-ით გაიზარდა. ნოდარ ხადურის განცხადებით, მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი კერძო სექტორია.
ფინანსთა მინისტრმა, ყურადღება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2014 წლის 7 თვის მონაცემებით, ნაერთი ბიუჯეტის ფაქტიური საგადასახადო შემოსავლები საპროგნოზო მაჩვენებლებს 2,5 %-ით, ხოლო წინა წლის შესაბამისი პერიოდის ფაქტიურ მაჩვენებელს 11.2 %-ით აჭარბებს.
საკუთარ გამოსვლაში ფინანსთა მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხსაც შეეხო და მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ექსპორტის 15 %-იან და იმპორტის 16 %-იან ზრდაზე ისაუბრა, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის 45 %-ით გაზრდა შეაფასა.
ფინანსთა მინისტრმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მიერ დამტკიცებული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020"-ის შესახებაც ისაუბრა. „აღნიშნული დოკუმენტის მთავარი ამოცანა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. სტრატეგია, რომელზეც ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვიმუშავეთ ქვეყანის სოციალ-ეკონომიკური რეფორმების საფუძველს წარმოადგენს და ადამიანური კაპიტალის განვითარებას, კონკურენტუნარიანობის ზრდას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ეფუძნება," - განაცხადა ნოდარ ხადურმა.