ხვალ, 6 აგვისტოს 10:00 საათზე სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის- ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ ამბასადორიალი 4 აგვისტოს გაიხსნა და 7 აგვიტოს ჩატVლით გაგრძელდება, სადაც საგარეო უწყების ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები გაწეული საქმიანობას შეფასებენ და მომავალი წლის სამუშაო გეგმებს დასახვენ.
ამბასადორიალის დასრულების შემდეგ (8-9 აგვისტოს) საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე პირადად შეხვდება საზვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ყველა ხელმძღვანელს. (შეგახსენებთ დღეისათვის საზღვარგარეთ ფუნქციონირებს საქართველოს 63 საელჩო და მისია, 6 გენერალური და 3 საკონსულო სამსახური).
აღსანიშნავია, რომ ამბასადორიალი საქართველოში ყოველწლიურად სექტემბრის პირველ კვირაში ტარდებოდა. წელს ამბასადორიალის ჩატარება დაიგეგმა აგვისტოს თვეში, რათა სექტემბრში, სამუშაო წლის დასაწყისისთვის საზღვარგარეთ საქართველოს თითოეულ დიპლომატიურ წარმომადგენლობას უკვე შემუშავებული ჰქონდეს წლის სამუშაო გეგმა და მიზნები.
ამბასადორიალის პროგრამის პარალელურად განხორციელდება ასევე სპეციალური პროგრამა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეებისათვის.