3 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მომღერალი ნინო ქათამაძე ჯგუფ ‘'ინსაითთან" ერთად საფრანგეთში ქ. ბორდოში ფესტივალზე „მუსიკალური ზაფხული ბერჟერაკში" კონცერტით წარდგება.
ფესტივალზე „მუსიკალური ზაფხული ბერჟერაკში" უკვე 26-ედ ტარდება. ის მრავალჟანრობრივ ხასიათს ატარებს და მრავალი დამსწრე ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ნინო ქათამაძის შემოქმედებას ფრანგი მსმენელი პირველად მოისმენს. აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართული შემოქმედებისა და სიმღერის უცხოეთში გატანას და პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში.
პროექტი ინიცირებულია პარიზში საქართველოს საელჩოს მიერ და ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროგრამის" ფარგლებში.