1-ელიდან 7 აგვისტომდე ამიერკავკასიის „ყრუთა კავშირების" ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ქობულეთში პირველად ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი „ცხელი ზაფხული".
„ცხელი ზაფხული - 2014" მსოფლიოს 23 ქვეყნიდან, ასევე, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, 700-მდე სმენადაქვეითებულ მონაწილეს უმასპინძლებს. ყრუთა და სმენადაქვეითებულთა საერთაშორისო ფესტივალ „ცხელი ზაფხულის" მიზანია: საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება; ფართო საზოგადოებისთვის ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანების კულტურის გაცნობა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ჟესტური ენის შესაძლებლობების პრეზენტაცია და მონაწილე ქვეყნების კულტურების ინტეგრაცია.
ფესტივალ „ცხელი ზაფხული - 2014"-ის პერიოდში გაიმართება შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, სილამაზის კონკურსები, ხოლო ფესტივალის დასკვნით საღამოს - 7 აგვისტოს, 18:00-საათზე, ქობულეთის ცენტრალური პარკის ამფითეატრში მოეწყობა გალა-კონცერტი.