პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის რუსეთის მიერ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხების შეჩერებაში ტრაგედიას ვერ ხედავს. როგორც ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას ღარიბაშვილმა განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული მხარეს რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ექნება.
,,ამის თაობაზე ჩვენ გვექნება კონსულტაცია. უკვე გუშინ ვესაუბრე ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს და ჩვენ გვექნება საუბარი რუსეთის მხარესთან. მიმაჩნია, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. ეს არ არის ძალიან დიდი ტრაგედია. გვექნება საუბარი და მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეაჩერა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ რუსეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეჩერების შესახებ დადგენილების პროექტი შეიმუშავა. რუსული მედიისვე ცნობით, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ამ შეთანხმების უმეტესი პუნქტი, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შედის. როგორც რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტშია აღნიშნული, ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკის განვითარებისა და იუსტიციის სამინისტროებთან. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.