მთავრობა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დასაფინანსებელი მიმართულებების არეალს აფართოებს. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში ამერიდან ბიტუმისა და მინერალური წყლის წარმოება იქნება შესაძლებელი.
დღემდე მოქმედი ნორმებით, პროგრამის ფარგლებში ფინანსდებოდა შემდეგი მიმართულების წარმოებები: ქაღალდის და მუყაოს წარმოება: მათ შორის შესაფუთი მასალები; სამშენებლო მასალების წარმოება: მათ შორის კერამიკული ფილები, მარმარილო, გრანიტი და სხვა ბუნებრივი ქვები; საფეიქრო წარმოება: მათ შორის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქსოვილი; ნართი (შალი, აბრეშუმი); ქიმიური წარმოება: მათ შორის ზედაპირულად აქტიური საშუალებები; ხის გადამუშავება: მათ შორის საოფისე ავეჯი, მდფ, დსპ; ელექტრომოწყობილობების წარმოება: მათ შორის საყოფაცხოვრებო ელექტროსაქონელი; ფარმაცევტული წარმოება: მათ შორის სადიაგნოსტიკო საშუალებები; მანქანათმშენებლობა: მათ შორის სათადარიგო ნაწილები; რეზინის და პლასტმასის წარმოება; მათ შორის მილები, მილაკები, ღრუ პროფილები, ტარა, საკანცელარიო ნაწარმი; ლითონის მზა ნაწარმი: მათ შორის რკინა-კავეული, სამზარეულო ნაკეთობანი.
ასევე პრიორიტეტული იყო სოფლის მეურნეობის მიმართულები, მათ შორის: მეხილეობა-მებოსტნეობა; მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების განვითარება; მესაქონლეობის ფერმები; მეფრინველეობის ფაბრიკები; მატყლის და ტყავის დამუშავება; დაფნის, ჩაის და თამბაქოს მოყვანა-გადამუშავება; კაკლის, თხილის და სხვა კაკლოვანების მოყვანა-გადამუშავება;
ხილის, კენკროვანების, ბოსტნეულის და ციტრუსის გადამუშავება.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური დახმარების საშუალებით.
პროგრამის ბიუჯეტია 46 მლნ ლარი. აქედან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე დაიხარჯება 30 მლნ ლარი, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი 16 მლნ ლარი.
დღეისათვის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე რამდენიმე პროექტია დაფინანსებული.