საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია რუმინეთში გამართული საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულს, საქართველოს წარმომადგენელ ირინა ხეჩანოვს და საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ჩაღლარის" წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საერთაშორისო კონკურსზე ირინა ხეჩანოვის წარმატებასა და აგრეთვე, „ჩაღლარის" საქმიანობაზე ისაუბრეს („ჩაღლარი" საქართველოში უკვე 20 წელიწადია, მოღვაწეობს და მოსწავლეებს საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად ამზადებს).
საქართველოს წარმომადგენელი მასშტაბურ კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად სწორედ სასწავლო ორგანიზაცია „ჩაღლარის" ხელშეწყობით გაემგზავრა.
ფესტივალ „მსოფლიოს ფერების" ფარგლებში მუსიკალური კონკურსი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩატარდა და მასში ასი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონკურსანტები ვოკალურ მონაცემებთან ერთად პრომოფილმითა და ეროვნული სამოსით საკუთარ ქვეყანასა და კულტურას წარმოადგენდნენ. პირველი ადგილი წილად ხვდა დემირელის კოლეჯის მოსწავლე საქართველოს წარმომადგენელ ირინა ხეჩანოვს, რომელმაც ქართულ ენაზე თამარ გვერდწითელის სიმღერა „საქართველო" შეასრულა. გამარჯვებულმა ორგანიზატორებისაგან განსაკუთრებული შეფასება და საპატიო ოქროს მედალი დაიმსახურა.