საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყების ვებ-გვერდზე ასოცირების დღის წესრიგი გამოაქვეყნა. დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება აქვს იხილოს დღის წესრიგის, როგორც ქართული, ასევე ინგლისურენოვანი ვერსია.
საგარეო უწყების ინფორმაციით, „ასოცირების დღის წესრიგი" წარმოადგენს ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების ნუსხას 2014-2016 წლებისთვის, რომელიც ემსახურება ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) იმპლემენტაციას.
„ასოცირების დღის წესრიგი" ჩაანაცვლებს 2006 წლიდან მოქმედ საქართველო-ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას და ჩამოაყალიბებს პრაქტიკულ ჩარჩოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
დოკუმენტი შეიცავს პოლიტიკურ კომპონენტს, მათ შორის ისეთ თემებს როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმები, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებათა პატივისცემა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობა, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და თანამშრომლობა მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
„ასოცირების დღის წესრიგი" ასევე, მოიცავს ეკონომიკურ და ვაჭრობის თემებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პრიორიტეტებს და დარგობრივ, მაგალითად ენერგეტიკის, ტრანსპორტის, დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებს.
ევროკავშირი სხვადასხვა ინსტრუმენტებით დაეხმარება საქართველოს „ასოცირების დღის წესრიგის" განხორციელებაში, მათ შორისაა ფინანსური მხარდაჭერა, ტექნიკური ექსპერტიზა და გამოცდილების გაზიარება.
„ასოცირების დღის წესრიგი" საქართველოს, ბრიუსელში, 26 ივნისს გადმოეცა.