8 ივლისს, 10:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკა ანთიძესთან ერთად ვარძიის სემინარს ოფიციალურად გახსნის.
ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სამდღიანი სემინარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. ღონისძიების ორგანიზატორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი მიზანია, კლდეში ნაკვეთ უნიკალურ კომპლექსში ქვათა ცვენის შეჩერება და ძეგლის სიცოცხლის გახანგრძლივება. ვარძიის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია ქართველ დარგობრივ სპეციალისტთა გაერთიანება და დღემდე არარსებული ვარძიის საკონსერვაციო დოკუმენტის შექმნა. ეს დოკუმენტი ვარძიის მართვის გეგმის მომზადების საწინდარი გახდება.
საერთაშორისო სემინარის სპეციალური სტუმარია იტალიის გეოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „იუნესკოს" კონსულტანტი, მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდიო მარგოტინი.
სამუშაო დღის განმავლობაში გაიმართება რამდენიმე პრეზენტაციაც.