სანქციები, რომლებიც ფრანგული ბანკების მიმართ არის დაწესებული არაფრით არ არის დაკავშირებული „მისტრალის" ტიპის გემების რუსეთისათვის მიწოდების საკითხთან. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა თეთრი სახლის აპარატში ბენ როდსმა გააკეთა.
მისივე თქმით, ამ ტიპის საქმეები აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაშია და „პოლიტიკურად ჩვენ ამაში არ ვერევით",_ განაცხადა მრჩეველმა, თუმცა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციაში არის „პოლიტიკური შეშფოთება" ფრანგულ-რუსული გარიგების თაობაზე. „უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ახლა არ არის შესაფერისი დრო იმისათვის რათა თავდაცვის სფეროში მსგავსი შეთანხმებების რეალიზაცია მოხდეს. მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული კონკრეტულ სანქციებთან",_ განაცხადა მან.
გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მოვლენების პირობებიც კი აშშ-ს ძალიან სურს რუსეთთან თანამშრომლობა „იქ სადაც ეს შესაძლებელია".
„მნიშვნელოვანია, რომ ახლანდელ რთულ სიტუაციაშიც კი პრეზიდენტი ობამა და პრეზიდენტი პუტინი კავშირს არ წყვეტენ და მათ უნარს სრულიად გულწრფელად ესაუბრონბ ერთმანეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს სივრცეს ხსნის დიპლომატიისათვის და იმედი დავიტოვოთ, რომ უკრაინაში მდგომარეობა დარეგულირდება", _აცხადებს ობამას მრჩეველი.