კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" მთავარ კონკურსში იქნება წარმოდგენილი, 9 ივლისს კი გაიმართება ფილმის მსოფლიო პრემიერა.
ლევან კოღუაშვილის "შემთხვევითი პაემნები" შეირჩა პრესტიჟული სექციისთვის Variety Critics's Choice: Europe Now. სექცია ევროპის საუკეთესო ფილმების ათეულს წარმოაჩენს. ლევან კოღუაშვილი ასევე იქნება ჟიურის წევრი სექციისა East of the West, რომელშიც 2011 წელს ქეთი მაჭავარიანის ფილმი "მარილივით თეთრი" მონაწილეობდა.
რუსუდან პირველის პროექტი "ძილის გაკვეთილები", რომელიც პოსტპროდუქციის პროცესშია, წარმოდგენილი იქნება სექციაში Work in Progress .
საფესტივალო დღეებს კარლოვი ვარიში ფილმების ავტორების გარდა დაესწრებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე. ქართულ დელეგაციაში ასევე იქნებიან მსახიობები და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები.
ფესტივალის ფარგლებში ქართული მხარე 9 ივლისს გამართავს წვეულებას.
კარლოვი ვარის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული კინოპლათფორმაა მსოფლიოში. ( მიიჩნევა ე.წ. „ა" კლასის კინომოვლენად და შედის FIAPF-ის სიაში).