26, 27 და 28 ივნისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის - „ნავიგატორის" პრემიერა შედგება.
" ნავიგატორი" - ეს არის ფანტასტიკა ადამიანზე, რომელსაც გარკვეული კომპლექსები აქვს. პიესის მთავარი გმირი მამაკაცია, რომელიც ჩაკეტილია და სხვებთან კომუნიკაცია უჭირს. თუმცა ერთი შემთხვევა ცხოვრებას მთლიანად შეუცვლის. სამსახური მას ისეთ მანქანას მისცემს, სადაც ნავიგაციის სისტემაა დამონტაჟებული. ნავიგატორი ქალის ხმით „ლაპარაკობს" და ფორმალურ რჩევებს იძლევა. თანდათანობით მთავარი გმირისა და მისი დიალოგი ჩვეულებრივ ტექნიკურ კონტაქტს ცდება და მათ შორის გრძნობა ჩნდება...
პოპულარული ქართველი დრამატურგის, ლაშა ბუღაძის პიესა „ნავიგატორი" „ბი-ბი-სისა" და ბრიტანეთის საბჭოს თაოსნობით 2011 წელს ჩატარებული რადიოპიესების კონკურსშია გამარჯვებული. იმავე წლის ბოლოს ბრიტანელი მსახიობების მონაწილეობით დაიდგა „ბი-ბი-სის" რადიოში.
პიესამ 2012 წელს ქართული ლიტერატურული პრემია „საბა" მიიღო.
სპექტაკლის რეჟისორია დავით საყვარელიძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ნავიგატორი - ლილი ხურითი; როსტომი - ბადრი ბეგალიშვილი; ჯაყელი - გიორგი გასვიანი; კლარა - ნანა ხურითი; დირექტორი, ბატონი ოთარი - ედემ ხვიჩია; დეპარტამენტის უფროსი ემზარი - ნიკოლოზ წერედიანი; აკრბა - დავით ბერაძე; როსტომის მამა - ბესარიონ ქარჩავა; სასადილოს გამგე ნათელა- იზოლდა ბოკუჩავა.
პრემიერა რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე შედგება.
დასაწყისი: 18:00 საათზე.