ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე აცხხადებს, რომ რუსეთი პანკისის ხეობის საკითხით საერთაშორისო საზოგადოებაში მანიპულირებას ცდილობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მამუკა არეშიძემ განუცხადა, პანკისის ხეობა რამდენიმე წლის წინ ტერორისტებთან ასოცირდებოდა და ამ საკითხის წამოწევა რიგით ობივატელში სწორედ ტერორიზმის საფრთხესთან იგივდება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამით რუსეთს სურს, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ამ კონტექსტში მიიქციოს.
"თავის დროზე, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა და პოლიტელიტამ მოახერხეს საქართველოს როგორც ტერორისტთა თავშესაფრის იმიჯის დამკვიდრება და დიდი ბრძოლა დასჭირდა იმას, რომ ქვეყანას ეს იმიჯი ჩამოცილებოდა. პანკისის ხეობა უცხოელი ობივატელის ყურში დარჩა როგორც ტერმინი, რომელიც ესადაგება ტერორიზმს. რუსები ამას მუდმივად ატრიალებენ და როდესაც ალ-ქაიდას შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა საქართველოსთან კონტექსტში, ვინც ამ საკითხში გარკვეულია, ბუნებრივია ეს დააკავშირა პანკისის ხეობასთან, მე ვსაუბრობ უცხოელ ობივატელზე, ამიტომ, აქიდან გამომდინარე, ხელისუფლების უყურადღებობა ან არასწორი პოლიტიკა პერსპექტივაში ძალიან ცუდად შეიძლება დაგვიბრუნდეს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მამუკა არეშიძემ.