დღეს, 24 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ცნობილი ქართველი მოცეკვავის, ბალეტმაისტერისა და ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში, ასევე, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული მასალები, რომელიც ასახავს ვახტანგ ჭაბუკიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მის მიერ ქართული საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილ ღვაწლს.
ექსპოზიციაზე დამთვალიერებს შეუძლია იხილოს: ვახტანგ ჭაბუკიანის მონაწილეობით დადგმული ბალეტების პროგრამები, აფიშები; ქართული და უცხოური საგაზეთო პუბლიკაციები, სადაც განხილულია ქართველი ბალერონის შემოქმედება; სცენაზე, ასევე, შემოქმედებით საღამოებსა და სხვა შეხვედრებზე გადაღებული ფოტოები; რეჟისორ კოტე მახარაძის მიერ 1971 წელს ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედებასთან დაკავშირებით გადაღებული დოკუმენტური ფილმის `ცეკვის ჯადოქარი~ კინოკადრები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, ასევე, სხვადასხვა ბალეტისათვის მხატვრების: ელენე ახვლედიანის, სოლიკო ვირსალაძის, კარლო კუკულაძის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, ივანე ასკურავას, თავად ვახტანგ ჭაბუკიანის შესრულებული საბალეტო დადგმების კოსტიუმებისა და სცენის ესკიზები.
გამოფენა ორ კვირას გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია. მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1.