ENG / RUS       12+

არიან თუ არა ბანკები პარაზიტები?

რესპოდენტის შესახებ


ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში არსებულ 21 ბანკს ბიუჯეტში იმაზე ნაკლები თანხა შეუტანია, ვიდრე ერთ წელის განმავლობაში, ცალკე აღებულ, ზოგიერთ ქართულ კომპანიას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით GHN-მა კომენტარი სთხოვა ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეს, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, რომან გოცირიძეს.

-ბატონო რომან, მართლაც არასასიამოვნო ინფორმაციაა, როცა მაგალითად "სოკარს" წელიწადში შეაქვს ბიუჯეტში 130 მილიონი ლარი, "ვისოლს" 70 მილიონი ლარი, ხოლო მთელმა საბანკო სისტემამ ბოლო სამ წელიწადში 94 მილიონი ლარი შეიტანა. თანაც მაშინ, როცა მათი წმინდა მოგება წლიდან წლამდე იზრდება და ბოლო სამი წლის განმავლობაში 846 მილიონი ლარი შეადგინა.

- აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა. უფრო ზუსტად, ციფრები სწორია, ინტერპრეტაცია არასწორი. ადარებენ ორ შეუსადარ რამეს. მართლაც, ბანკების მოგებამ 94 მილიონი ლარი შეადგინა და ადარებენ სხვა კომპანიის არა მოგებას, არამედ მთლიან შენატანს ბიუჯეტში. იგივე ნავთობკომპანიების შემთხვევაში ამ თანხაში შედის მოგებაც, საშემოსავლო გადასახადი, ქონების გადასახადი და განსაკუთრებით აქციზი და დამატებული ღირებულების გადასახადი. ბიუჯეტში შეტანილი თანხიდან მოგება აქ მიზერულია. ბანკებიც იხდიან ასევე საშემოსავლო გადასახადს, ქონების გადასახადს, ანაბრებიც იბეგრება, მაგრამ ეს არ არის გათვალისწინებული. ასე, რომ არასრული მონაცემებია წარმოდგენილი და ქმნის ანტისაბანკო განწყობილებას, რაც ასე მოდურია საქართველოში.

-სად არის მაშინ საბანკო ასოციაცია? რატომ არ აძლევს სწორ განმარტებას საზოგადოებას?

- საბანკო ასოციაცია გინდ იყოს და გინდ არა. ისინი უფრო ახალი სახელმწიფო განვითარების ბანკის შექმნის პროპაგანდით არიან დაკავებულები, ვიდრე ბანკების ინტერესების დაცვით.

-კვლავ დავუბრუნდეთ თავდაპირველ ინფორმაციას. თუ სწორია და ბანკების მოგებამ 846 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ მისი 20 პროცენტი ხომ 169 მილიონია. მაშინ რატომ შედის ორჯერ ნაკლები თანხა ბიუჯეტში?

- ესეც არასწორად ინტერპრეტირებული ციფრია. ეს წმინდა მოგება არაა. ესაა მთლანი მოგება, საიდანაც ბანკებმა უნდა შექმნან რეზერვები ცუდი სესხებიდან მოსალოდნელი ზარალის დასაფარავად. იბეგრება ამ დარეზერვების შემდეგ დარჩენილი მოგება. თუ ეს სესხები დაბრუნდა, შესაბამისად, რეზერვებიდან ფული გამოთავისუფლდება და სამომავლოდ იგი მაინც დაიბეგრება. სინამდვილეში, ესაა დროში გადავადებული დაბეგვრა, რომელსაც ბანკი მაინც ვერ აცდება ადრე თუ გვიან. სხვა საკითხია, თუ მართლაც უხარისხო აღმოჩნდა ეს კრედიტები და ბანკებმა იზარალეს. მაშინ ბუნებრივია, რეალური მოგებაც არ ყოფილა იმდენი, რაც თავიდან ჩანდა. ისე, ერთი რამ მაინც საგანგაშოდ მენიშნა-რატომ დასჭირდათ ბანკებს ამოდენა რეზერვების შექმნა. ხომ არ მატულობს სწრაფად სარისკო სესხების რაოდენობა. ამას ეროვნულმა ბანკმა უნდა მიხედოს.

 

 

ავტორი: . .