ლატვიის დედაქალაქ რიგაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული კულტურის კვირეული მიმდინარეობს.
კვირეულის ფარგლებში, ლატვიის ევროპის სახლში ფოტო-გამოფენა „Spectacular Georgia" გაიხსნა, სადაც მსურველს შესაძლებლობა ექნება ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიეროს საქართველოს ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოები.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საელჩომ ასევე გამართა მიღება, სადაც ლატვიის მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეულნი, ასევე ლატვიელი ჟურნალისტები, ლატვიის კულტურის წრისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
„ქართული ხმების" მონაწილეობით ჩატარდა ქართული ფოლკლორის კონცერტი და გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.
ქართული კულტურის კვირეულის ფარგლებში ლატვიის დედაქალაქ რიგის საგამოფენო დარბაზ „Reveal Riga"-ში წარმოდგენილია ხუთი ქართველი კერამიკოსის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ლატვიელ დამთვალიერებლებს უმასპინძლებს ერთი თვის განმავლობაში. გარდა ამისა, 27 მაისს რიგის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ანსამბლ „ქართული ხმების" კონცერტი.