უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ის პატივს სცემს უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
„უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. იმის მიუხედავად თუ რომელ რეგიონში მოსახლეობის რამდენი პროცენტი მოვიდა ხმის მისაცემად და იმის მიუხედავად თუ რა არჩევანი გააკეთეთ თქვენ ჩვენი სამშობლოსათვის ყველაზე მძიმე დროს, მე თქვენს მიერ გაკეთებულ არჩევანს პატივს ვცემ",_ ნათქვამია დღეს გავრცელებულ იანუკოვიჩის განცხადებაში.
ამასთან ერთად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნების ლეგიტიმურობისათვის აუცილებელია, რომ მათში მონაწილეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის წარმომადგენლებმა მიიღოს.
„ამ რეგიონების მრავალი მცხოვრები შეურაცხყოფილი და დამცირებული იყო არალეგიტიმური ქმედებებით, რომლებიც მათ მიმართ სამხედრო გადატრიალების გზით მოსულმა ხელისუფლებამ განახორციელა",_ ნათქვამია იანუკოვიჩის განცხადებაში და იქვე აღნიშნულია: „საკუთარ ხალხს ანადგურებენ ნაღმმტყორცნებისა და ავტომატების, ტანკებისა და ჯავშანმანქანების გამოყენებით. ეს უგუნურებაა და ის დაუსჯელია".