თბილისში არარეზიდენტი ელჩები იმყოფებიან. ისინი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით ჩამოვიდნენ.
დიპლომატები მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში სახელწოდებით "პრეზენტაცია საქართველოზე", რომელსაც, 65 არარეზიდენტ ელჩთან ერთად, ხელისუფლების წევრებიც დაესწრებიან.
კონფერენციის მონაწილეებს მთავრობის წევრები ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო, სატრანსპორტო, ტურისტული პოტენციალის თაობაზე. საუბარი შეეხება სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს.
24-25 მაისს ღონისძიების ფარგლებში არარეზიდენტი და თბილისში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრებიან. ღონისძიების ფარგლებში დიპლომატები გაეცნობიან სამცხე-ჯავახეთს, ეწვევიან რეგიონის ცალკეულ ქალაქსა და დაბებს და შეხვედრებს გამართავენ რეგიონის ხელმძღვანელობასთან, მოინახულებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.