საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება პოზიციის შეცვლას არ აპირებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ გარკვეული ქვეყნებს მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
თავად საკითხი კი დღეს სესიაზე ქრისტიან დემოკატებმა დასვეს და ეჭვი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ საკითხთნა დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
დავით ბაქრაძე კი განმარტავს, რომ "ქართული მხარის პოზიცია მამ საკითხთან მიმართებაში ცნობილია და ამ პოზიციაში არანაირი ცვლილებები არ არის", თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთის აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი ბევრი ქვეყნისათვის არის მნიშვნელოვანი და დიდი ინტერესის გამო "ცხადია მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს".
"ჩვენი პოზიცია არის მარტივი. სახელმწიფო რომელიც არ ცნობს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ საზღვრებს და ძალით ახდენს მისი ტერიტორიების ანექსიას, ასევე ხელოვნურად აწესებს ცალმხრივ ემბარგოს და შეზღუდვებს ბუნებრივია ასეთი ქვეყანა არ იმსახურებს მსოფლიო სავაჭრო ორგანზიაციაში გაწვერიანებას და ამ პოლიტიკით ვერც შეასრულებს იმ წესებს და მოთხოვნებს, რომელიც მსო-ს გააჩნია" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძე აქცენტს სწორედ საქართველოს ხელისუფლების ურყევ პოზიციაზე აკეთებს და მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ დეპუტატები ინფორმაციას აღმასრულებელი ხლისუფლებისგან თავად მოისმენენ. სწორედ ამიტომ მომავალ კვირას პარლამენტში მოწვეული იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები და აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატებს ინფორმაციას მიაწოდებენ.