საქართველოსა და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობა, საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და მისი მონაწილეობა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი მიმართულებები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები.
კონსულტაციებზე ბრიტანეთის მხარემ კვლავ დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ამასთან, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა იმუშაონ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით. ხაზი გაესვა მხარეებს შორის რეგულარული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობას.
გარდა ამისა, კონსულტაციების ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, ევროპულ საქმეთა დირექტორ შოთა ღვინერიასთან, პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორ ხათუნა სალუქვაძესთან, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორ თეა ახვლედიანთან, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორ სერგი კაპანაძესთან და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორ ნიკოლოზ რთველიაშვილთან.
კონსულტაციებზე ბრიტანეთის მხარეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს რუსეთის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელი მაიკლ დავენპორტი ხელმძღვანელობდა. ბრიტანეთის მხრიდან კონსულტაციებში ასევე მონაწილეობდა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დენის კიფი და საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი კარლ სპიკალი.
გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების წინა რაუნდი 2009 წლის 12 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართა.