2014 წლის 14 მაისს, მოქალაქეებს გ.გ.-სა და ზ.ქ.-ს საქართველოს სსკ-ის 3781-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ აკრძალული საგნის გადაცემის ფაქტზე ბრალი წარედგინათ.
გამოძიების თანახმად, ზ.ქ. და გ.გ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს N14 განყოფილებაში სამხედრო მოსამსახურეებად მსახურობდნენ.
2013 წლის 30 სექტემბერს, N15 საგუშაგოზე განაწილებულ გ.გ.-სთან მსჯავრდებული მივიდა და დებულებით აკრძალული საგნის - ალკოჰოლური სასმლის დაწესებულების ტერიტორიაზე შეტანაში დახმარება სთხოვა.
იმავე დღეს, უკვე თავისუფალ ცვლაში მყოფ გ.გ.-ს გამოძიებით დაუდგენელმა პირმა N14 დაწესებულებასთან არყით სავსე ორლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლი მსჯავრდებულისთვის, 1-ლიტრიანი კი საჩუქრად გადასცა.
გ.გ.-მ ალკოჰოლური სასმელი საგუშაგოზე მყოფ ზ.ქ.-ს მიაწოდა, რომელმაც ბოთლი დაწესებულების შიგნით ტერიტორიაზე მყოფ მსჯავრდებულს გადაუგდო.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.