"ეროვნული ფორუმი" საქართველოს კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის თაობაზე ოპოზიციური სპექტრის ნაწილის გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებს.
"ჩვენ ასეთი ინიციატივების მიმართ სკეპტიკურად ვართ განწყობილი. არა იმიტომ, რომ ცუდი იქნება საერთაშორისო საზოგადოებამ გამოთქვას საკუთარი აზრი საქართველოს კრიზისიდან გამოყვანის გზებთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ წინააღმდეგები ვართ ჩვენი ბედი სხვაგან გადაწყდეს", - განუცხადა "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" გუშინ გამართულ "დიდ ოპოზიციურ შეკრებაზე" პოლიტიკური უმცირესობის ნაწილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას.
ამასთან, მისივე აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სურვილის შემთხვევაშიც "ასეთი კონფერენციის გამართვა შეუძლებელი იქნება".
"მიგვაჩნია, რომ მთელ ოპოზიციურ სპექტრს გვაქვს სამუშაო იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას გავაგებინოთ რომ, სწორედ ჩვენი მოთხოვნებია სწორი და რასაც ხელისუფლება აკეთებს ის არასწორი. არსებობს მეორე მომენტიც - ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდეს ჩვენი მოთხოვნების გარშემო. რაც შეეხება მესამე მომენტს, ოპოზიციის სახეს არ უნდა წარმოადგენდეს და ამ მოთხოვნებს არ უნდა აჟღერებდეს ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორიცაა ზურაბ ნოღაიდელი", - განმარტავს მელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "დიდ ოპოზიციურ შეკრებაზე", რომელიც ლეიბორისტული პარტიის ორგანიზებით გუშინ გაიმართა, შეხვედრის მონაწილე პოლიტიკურმა ძალებმა მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობისადმი მიმართვა შეიმუშავეს, რომელშიც ოპოზიციონერი ლიდერები საქართველოს საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას ითხოვენ.
"მივმართავთ მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობას, საქართველოში შექმნილ უკიდურესად ფეთქებადსაშიში სიტუაციიდან გამომდინარე, მოიწვიონ საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს საკითხზე, სადაც მიღებული იქნება ქმედითი გადაწყვეტილებები დიქტატურის დასამთავრებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის", - ნათქვამია მიმართვის სამუშაო ვარიანტში.